"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს ღია წერილით მიმართავს.
ირაკლი კობახიძე MEGOBARI აქტს აბსურდულს უწოდებს, სანქციებს გომელაურის და "ოცნების" სხვა წევრების მიმართ გაუგებარს.
რაც შეეხება სხვა აქცენტებს:
უპასუხო წერილი
"რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. თუმცა, პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. მეტიც, დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის"
კობახიძე ტრამპს და ვანსს სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვას სთხოვს
"ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება. რეალურადაც, ამის ძალზე დიდი იმედი გვაქვს".
"დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა საქართველოში
"USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ „დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია".
სანქციები გაუგებარია, MEGOBARI აქტი აბსურდული
კობახიძე ღია წერილში მწვავედ აფასებს აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ ე.წ. „მეგობარ აქტს“, რომელიც, მისი თქმით, არ ასახავს ქართველი ხალხის ინტერესებს. პრემიერის მტკიცებით, ეს აქტიც და USAID-ის წარსული საქმიანობაც უარყოფითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე.
"კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი - ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც არის მტრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. სიტყვა „მეგობარის“ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს ჯორჯ ორუელის მოდელს, რომლის მიხედვითაც ომი არის მშვიდობა, მტერი კი - მეგობარი".
"ქართული ოცნების" პრემიერი, აშშ-ის ხელისუფლებას რამდენჯერმე ახსენებს, საქართველოს კონტრიბუციას გლობალურ მშვიდობაში და ასევე ამბობს, რომ "ოცნების" და ტრამპის ადმინისტრაციის ღირებულებები საერთოა. წერილის დასასრულს, კობახიძე ტრამპს "დიფ სთეითის" დამარცხებაში წარმატებას კიდევ ერთხელ უსურვებს.




























