მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების ამოქმედების შემდეგ, რუსეთში ჩინური ავტომობილების გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა - FT

რუსეთი

რუსეთში ჩინური ავტომობილების გაყიდვები რეკორდულ ნიშნულზეა. მას შემდეგ, რაც დასავლურმა ბრენდებმა, სანქციების გამო, მოსკოვთან თანამშრომლობა შეწყვიტეს, ჩინური ავტომწარმოებლებისთვის ერთ-ერთ უმსხვილეს საექსპორტო ბაზრად სწორედ რუსეთი იქცა.

დასავლური სანქციების გამო რუსეთში გაყიდვების ზრდა, თავის მხრივ, ჩინეთსაც ეხმარება, ვინაიდან ქვეყანაში წარმოებულ ელექტრომობილებზე აშშ-სა და ევროკავშირში დაწესებული ტარიფები მნიშვნელოვნად გაიზარდა,

Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით იმ ევროპული, კორეული და იაპონური ბრენდების გაყიდვებმა იკლო, რომლებიც მანამდე ბაზრის უპირობო ლიდერებად მიიჩნეოდნენ.

კერძოდ, აღნიშნული ბრენდების წილი რუსულ ავტობაზარზე, 2022 წლამდე, 69%-ს შეადგენდა, წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი 8.5%-მდე შემცირდა. ანალიტიკური სააგენტო Autostat-ის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, რუსულ ავტობაზარზე ჩინური ავტომობილების წილი 9%-დან 57%-მდე გაიზარდა.

2024 წლის 9 თვეში ჩინური ავტომობილებისთვის ნომერ პირველ საექსპორტო ბაზრად რუსეთი მოიაზრებოდა, სადაც გასულმა ავტომობილების რაოდენობამ თითქმის 850 ათასი ერთეული შეადგინა. რიგით მეორე საექსპორტო ბაზარმა, მექსიკამ, ამ რაოდენობის თითქმის ნახევარი მიიღო.

ჩინური საბაჟო მონაცემები აჩვენებს, რომ ავტომწარმოებლებმა მხოლოდ სექტემბერში რუსეთში $1.8 მილიარდის ღირებულების ავტომობილები გაიტანეს - 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $96 მილიონი იყო.

რუსეთში გაყიდული ჩინური ავტომობილების 90%-ს შიდა წვის ძრავი აქვთ. Financial Times-თან საუბარში ადგილობრივი ბლოგერი აღნიშნავს, რომ რუს მძღოლებს არჩევანის გაკეთება უხარისხო რუსულ წარმოებას, გაძვირებულ და რეექსპორტის გზით ნაყიდ ევროპულ ავტომობილებსა და ჩინურ კომპანიებს შორის უწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები