მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ხარჯავს ჩინეთის მთავრობა ელექტრომობილების ინდუსტრიაზე $230 მილიარდს?

ჩინური ელექტრომობილები Chinese Evs

ელექტრომობილების წარმოების ინდუსტრია ქვეყნების უმეტესობისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ მიმართულებას წარმოადგენს, თუმცა ჩინეთისთვის მას არა მარტო ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან პეკინის გლობალურ ბაზარზე დომინაციის მოპოვება და ტახტიდან ევროპულ-ამერიკულ-იაპონური ბრენდების ჩამოგდება სურს.

ამ მიზნის მისაღწევად ჩინეთი რომ ყოველწლიურად დიდ ფულს ხარჯავს, ეს ახალი ამბავი არ არის, თუმცა ახლა უკვე ზუსტი რიცხვი ვიცით და, როგორც ჩანს, ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩინეთის მთავრობის მიერ ელექტრომობილების წარმოების ინდუსტრიაზე დახარჯული თანხის მოცულობა 230 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს დანახარჯს აღემატება.

ეს კოლოსალური მოცულობის თანხა ქვეყნის ბიუჯეტიდან ამოვიდა და ის იმ კომპანიების განვითარებას მოხმარდა, რომლებიც ელექტრომობილებს, ბატარეებს და საავტომობილო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ დეტალებს აწარმოებენ.

ჩინეთის მთავრობის ასეთ დაჟინებას მარტივი მიზეზი აქვს - პირველი საავტომობილო რევოლუცია ქვეყანამ უბრალოდ გამოტოვა, რადგან მაშინ, როცა Mercedes-Benz-მა პირველი ავტომობილი შექმნა, ჩინეთში ჯერაც საჭაპანო ტრანსპორტით სარგებლობდნენ.

აზიური სახელმწიფო მეორე საავტომობილო რევოლუციასაც გამოაკლდა, რომელიც ჰენრი ფორდს და მის კონვეიერულ სისტემას უკავშირდებოდა. Ford-ის ინოვაციამ ავტომობილი ფუფუნების საგნიდან პრაქტიკულ ტრანსპორტად აქცია და ის თითქმის ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა.

ახლა უკვე მესამე საავტომობილო რევოლუციის ფაზაში ვართ, რომელიც ელექტრიფიკაციას უკავშირდება. ამ შემთხვევაში, ორ ძირითად მიმართულებას ვხედავთ – ჰიბრიდულ ავტომობილებს, რომელშიც Toyota-ს უბრალოდ ვერავინ სჯობნის და ელექტრომობილებს, რომელშიც ინდუსტრიის ლიდერად Tesla-ს ვხედავთ, თუმცა მისი პირველობა გარანტირებული ნამდვილად არ არის.

ჩინეთის მიზანი ახალი საავტომობილო რევოლუციით სარგებლის მიღება და გლობალურ ბაზარზე ლიდერობის მოპოვებაა, რომელიც მომავალში ქვეყანას ეკონომიკური განვითარების და პოლიტიკური გავლენის გავრცელების საშუალებას მისცემს.

გარკვეულწილად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს $230 მილიარდი გაფლანგული არ არის, რადგან ჩინური ელექტრომობილები არა მარტო ღირსეულ კონკურენციას უწევენ დასავლურ კონკურენტებს, არამედ გარკვეულ ასპექტში სჯობნიან კიდეც მათ. მაგალითად, ჩინურ კონკურენტებთან შედარებით ევროპული კომპანიები ფასით ვერასოდეს გაიმარჯვებენ, ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით კი ჩინეთი წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება.

ფასების გარდა, ჩინეთს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს - ეს პროდუქციის მრავალფეროვნებაა. აი, მაგალითად, BYD-ის ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი, Seagull-ი დაახლოებით 10,000 დოლარი ღირს. განსხვავებით ამისგან, იმავე კომპანიის მიერ წარმოებული სუპერქარი, U9 დაახლოებით 240,000 დოლარი ღირს და ის კონკურენციას Ferrari-სა და Lamborghini-ს უწევს.

ჩინური ლეგიონი მხოლოდ BYD-ით როდი შემოიფარგლება, ცოტა ხნის წინ, ელექტრომობილების ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა, ეს $55 მილიარდად შეფასებული ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Xiaomi-ია, რომელმაც თავისი პირველი ელექტრომობილი წარმოადგინა. ამ ავტომობილის გამოშვებით, ჩინური კომპანია მიზნად ისახავს, რომ მომდევნო წლებში ბაზრის უმსხვილეს მოთამაშედ იქცეს.

ჩინური კომპანიების ასეთ სწრაფ პროგრესს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო სუბსიდიებია ანუ ეს $230-მილიარდიანი დახმარება. ავტოინდუსტრიის განვითარებისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური მთავრობა ყოველწლიურად დიდ რესურსს ხარჯავს. ქვეყანა ახდენს როგორც წარმოების სუბსიდირებას, ასევე აწესებს საგადასახადო შეღავათებს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ადგილობრივი წარმოების ელექტრომობილების შეძენა სურთ. საბოლოო ჯამში, ვიღებთ იმ მოცემულობას, რომ ჩინური ავტომწარმოებლები არასამართლიან კონკურენციაში არიან მთელ მსოფლიოსთან, რადგან მათ ხარჯებს სახელმწიფო ფარავს, რომელსაც ელექტრომობილების ბაზარზე დომინაციის მოპოვება, როგორც გითხარით, გეოპოლიტიკურ ამოცანად აქვს განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები