ევროკავშირმა ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილების წინააღმდეგ ტარიფები ოფიციალურად დააწესა. საბოლოო ჯამში, ტარიფები 17.4%-დან 37.6%-ის ფარგლებში განისაზღვრა, რასაც აქამდე არსებული 10%-იანი საბაზისო ტარიფი ემატება.
ტარიფების ამოქმედება იმას ნიშნავს, რომ ჩინურ ავტომწარმოებლებს ევროკავშირის ბაზარზე ელექტრომობილების შედარებით ძვირად გაყიდვა მოუწევთ, რაც ევროპულ კომპანიებთან მიმართებით მათ უპირატესობას ამცირებს.
ამ ნაბიჯის გადადგმის მიზეზად კანონმდებლები ავტოინდუსტრიის ზომას ასახელებს და სექტორის ეკონომიკურ გავლენას. მოგეხსენებათ, ავტომობილების წარმოების ინდუსტრია 2 ტრილიონ 110 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ამ ბიზნესის უმსხვილესი მოთამაშეები ევროპული კომპანიები არიან, მთავრობები კი პროტექციონისტული პოლიტიკით მათ დაცვას ცდილობენ.
ცხადია, ევროპარლამენტში კარგად ესმის, რომ ჩინურ კონკურენტებთან შედარებით ევროპული კომპანიები ფასით ვერასოდეს გაიმარჯვებენ, ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით კი ჩინეთი წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება.
ფასების გარდა, ჩინეთს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს - ეს პროდუქციის მრავალფეროვნებაა. აი, მაგალითად, BYD-ის ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი, Seagull-ი დაახლოებით 10,000 დოლარი ღირს. განსხვავებით ამისგან, იმავე კომპანიის მიერ წარმოებული სუპერქარი, U9 დაახლოებით 240,000 დოლარი ღირს და ის კონკურენციას Ferrari-სა და Lamborghini-ს უწევს.
ჩინეთისგან მომავალი საფრთხე მხოლოდ BYD-ით როდი შემოიფარგლება, ცოტა ხნის წინ, ელექტრომობილების ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა, ეს $55 მილიარდად შეფასებული ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Xiaomi-ია, რომელმაც თავისი პირველი ელექტრომობილი წარმოადგინა. ამ ავტომობილის გამოშვებით, ჩინური კომპანია მიზნად ისახავს, რომ მომდევნო წლებში ბაზრის უმსხვილეს მოთამაშედ იქცეს.
ჩინური კომპანიების ასეთ სწრაფ პროგრესს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო სუბსიდიებია. ავტოინდუსტრიის განვითარებისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური მთავრობა ყოველწლიურად მილიარდებს ხარჯავს. ქვეყანა ახდენს როგორც წარმოების სუბსიდირებას, ასევე აწესებს საგადასახადო შეღავათებს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ადგილობრივი წარმოების ელექტრომობილების შეძენა სურთ. საბოლოო ჯამში, ვიღებთ იმ მოცემულობას, რომ ჩინური ავტომწარმოებლები არასამართლიან კონკურენციაში არიან მთელ მსოფლიოსთან, რადგან მათ ხარჯებს სახელმწიფო ფარავს, რომელსაც ელექტრომობილების ბაზარზე დომინაციის მოპოვება გეოპოლიტიკურ ამოცანად აქვს განსაზღვრული.
ევროპასა და ამერიკაში კარგად ესმით, რომ სუბსიდირებული ჩინური ლეგიონის დამარცხება ფასების ომში ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, ამიტომ ქვეყნის ხელისუფლებას გამოსავლად სანქცირების გზა აქვს დარჩენილი, ზემოხსენებული გადაწყვეტილება კი სწორედ ამ ეკონომიკური იარაღი გამოყენების მზაობაზე მიუთითებს.