მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დააწესა ევროკავშირმა ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე ტარიფები?

ჩინური მანქანები

ევროკავშირმა ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილების იმპორტზე 45%-იანი ტარიფი დააწესა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სანქციაა, რომელიც ბრიუსელს პეკინის წინააღმდეგ ოდესმე მიუღია.

45%-იანი ტარიფის ამოქმედება იმას ნიშნავს, რომ ჩინურ ავტომწარმოებლებს ევროკავშირის ბაზარზე ელექტრომობილების შედარებით ძვირად გაყიდვა მოუწევთ, რაც ევროპულ კომპანიებთან მიმართებით მათ უპირატესობას შეამცირებს. ამასთან, შეზღუდვა გავრცელდება იმ ევროპულ ბრენდებზე, რომლებიც საკუთარ ელექტრომობილებს ჩინურ ქარხნებში აწარმოებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რეგულაციის ამოქმედებით შეზღუდვა ევროპულ კომპანიებსაც დაუწესდებათ.

ამ ნაბიჯის გადადგმის მიზეზად კანონმდებლები ავტოინდუსტრიის ზომას და სექტორის ეკონომიკურ გავლენას ასახელებს. მოგეხსენებათ, ავტომობილების წარმოების ინდუსტრია 2 ტრილიონ 200 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ამ ბიზნესის უმსხვილესი მოთამაშეები ევროპული კომპანიები არიან, მთავრობები კი პროტექციონისტული პოლიტიკით მათ დაცვას ცდილობენ.

საინტერესოა, რომ გერმანია, რომელიც ავტომობილების უმსხვილესი მწარმოებელია ევროპის რეგიონში, სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ზემოხსენებულ ინიციატივას, რადგან გერმანული კომპანიების დიდი ნაწილი EV-ებს სწორედ ჩინეთში აწარმოებს, ახალი შეზღუდვა კი მათთვის საწარმოო ხარჯების ზრდას გამოიწვევს. ამასთან, ჩინეთი საპასუხო ზომებს აანონსებს, ხოლო პეკინის მხრიდან საიმპორტო პოლიტიკის გამკაცრება ყველაზე დიდი ზიანს სწორედ გერმანულ კომპანიებს მიაყენებს, რადგან გერმანული პრემიუმ სეგმენტის ავტომობილებისთვის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი სწორედ ჩინეთია.

მაგალითად, გერმანული ავტომწარმოებელი გიგანტის, Mercedes-Benz-ის გენერალური დირექტორი ოლა კალენიუსი ჩინეთის წინააღმდეგ სავაჭრო სანქციებისა და შეზღუდვების დაწესების წინააღმდეგია. როგორც Mercedes-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ჩინეთი გერმანული ავტომწარმოებელი კომპანიებისთვის მთავარი სარეალიზაციო ბაზარია, ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესება კი პეკინს აიძულებს, საპასუხო ზომები მიიღოს, რაც, საბოლოო ჯამში, ევროკავშირის ეკონომიკას დააზიანებს.

ცხადია, ევროპარლამენტში კარგად ესმის, რომ ჩინურ კონკურენტებთან შედარებით ევროპული კომპანიები ფასით ვერასოდეს გაიმარჯვებენ, ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით კი ჩინეთი წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, ამიტომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკმაოდ მკაცრი ზომების მიღებაა საჭირო.

ევროპისგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება კიდევ უფრო მკაცრ ზომებს იღებს. ცოტა ხნის წინ, ქვეყნის ხელისუფლებამ წარმოადგინა ახალი კანონპროექტი, რომლითაც ქვეყანაში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი სრულად აიკრძალება. თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ ჭკვიანი მოწყობილობებით და თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი ავტომობილები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მწვავე საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან კამერებითა და სენსორებით ჩინეთს და რუსეთს ამერიკელი მოქალაქეების პირადი მონაცემების შეგროვება და ამ გზით, ქვეყნის საბოტაჟი შეუძლიათ.

პრობლემა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ჩინურ ავტომწარმოებლებთან მიმართებით ხედავს, ახალი არ არის და მასზე დიდი ამერიკული კომპანიებიც წუხან. ილონ მასკს არაერთხელ უთქვამს, რომ მილიარდიანი სუბსიდიით წარმოებულ ჩინურ ელექტრომობილებთან კონკურენცია ყველა კომპანიას გაუჭირდება, ხოლო Ford-ის დირექტორმა, ამასწინათ, ჩინური ავტოინდუსტრია, საერთოდაც, ეგზისტენციალურ საფრთხედ შეაფასა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ეს გადაწყვეტილება, დიდწილად, სწორედ კერძო სექტორის ამ განცხადებების შედეგია.

დახვეწის მიუხედავად, ამერიკული კომპანიები პროდუქციის გაიაფებას ვერ ახერხებენ. მაგალითად, Tesla-ს, ბოლო დროს, ფასების გაზრდა და მოგების მარჟის შემცირება მოუწია.

ჩინური მწარმოებლები უმიზნებენ როგორც ბიუჯეტურ, ასევე ულტრა-პრემიუმ სეგმენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოდ ვერცერთი ამერიკული თუ ევროპული კომპანია ვერ იქნება.

ჩინური კომპანიების ასეთ სწრაფ პროგრესს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო სუბსიდიებია. ავტოინდუსტრიის განვითარებისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური მთავრობა ყოველწლიურად მილიარდებს ხარჯავს. ქვეყანა ახდენს როგორც წარმოების სუბსიდირებას, ასევე აწესებს საგადასახადო შეღავათებს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ადგილობრივი წარმოების ელექტრომობილების შეძენა სურთ. საბოლოო ჯამში, ვიღებთ იმ მოცემულობას, რომ ჩინური ავტომწარმოებლები არასამართლიან კონკურენციაში არიან მთელ მსოფლიოსთან, რადგან მათ ხარჯებს სახელმწიფო ფარავს, რომელსაც ელექტრომობილების ბაზარზე დომინაციის მოპოვება გეოპოლიტიკურ ამოცანად აქვს განსაზღვრული.

ფასების გარდა, ჩინეთს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს - ეს პროდუქციის მრავალფეროვნებაა. აი, მაგალითად, BYD-ის ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი 10,000 დოლარი ღირს. განსხვავებით ამისგან, იმავე კომპანიის მიერ წარმოებული სუპერქარი დაახლოებით 240,000 დოლარი ღირს და ის კონკურენციას Ferrari-სა და Lamborghini-ს უწევს.

ცხადია, ევროპასა და ამერიკაში კარგად ესმით, რომ სუბსიდირებული ჩინური ლეგიონის დამარცხება ფასების ომში ფაქტობრივად შეუძლებელია, ამიტომ დასავლურ სახელმწიფოებს გამოსავლად სწორედ სანქცირების გზა აქვთ დარჩენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები