მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სანქციების დაწესება ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს პარტნიორობას - საგარეო

საგარეო

გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ იურიდიული პირებისთვის სანქციების დაწესება ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობას და სანქციების პაკეტების გაცხადებულ მიზნებს არ ემსახურება - ასე ეხმაურება საგარეო უწყება Postv და "იმედის" სანქცირებასთან დაკავშირებით ბრიტანეთის ელჩის საგარეო უწყებაში დაბარებას.

"საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩს სთხოვა განმარტება იმის თაობაზე, თუ რა ინფორმაცია დაედო საფუძვლად აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომელიც სავარაუდოდ, ლონდონს თბილისიდან მიეწოდება.

აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაზე უხეშ თავდასხმას და ხაზი გაესვა სათანადო მასალების წარმოდგენის მნიშვნელობას.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ იურიდიული პირებისთვის სანქციების დაწესება ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობას და სანქციების პაკეტების გაცხადებულ მიზნებს არ ემსახურება.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ტელეკომპანიების უსაფუძვლოდ დასანქცირება წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე შეტევას, რაც ასევე მიუღებელია საქართველოსთვის, სადაც განსხვავებული მედიასაშუალებები თანაბრად თავისუფალ სივრცეში არსებობენ", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა რუსული დეზინფორმაციის გავრცელების მოტივით ტელეკომპანიებს - "იმედსა" და "Postv"-ის სანქციები დაუწესა.

"ოცნების" მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა სანქციებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და მეტი განმარტებისთვის დღეს, 26 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაერთიანებული სამეფოს ელჩია დაიბარეს, რომელმაც უწყება კომენტარის გარეშე დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები