„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს არავინ ებრძვის, თუმცა ხელისუფლებას უწევს ქვეყნის დაცვა იმ „უსამართლობისგან“, რაც, მისი თქმით, მოდის დასავლური ქვეყნებისგან, მათ შორის ბრიტანეთისა და ევროკავშირისგან.
კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში ბრიტანეთის საგარეო უწყებაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის დაბარებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები, მათ შორის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, "გარედან ფინანსდებოდა".
„ჩვენ არავის ვერჩით. როგორ შეიძლება საქართველო ებრძოდეს ან ბრიტანეთს, ან ევროპას, ან ამერიკის შეერთებულ შტატებს?! ეს ხომ ნონსენსია… ჩვენ ვიცავთ თავს იმ უსამართლობისგან, რაც მოედინება თუნდაც ბრიტანეთისგან, თუნდაც ევროკავშირისგან,“ - განაცხადა მან.
კალაძე ბრიტანეთს მოუწოდებს, გაასაჯაროვოს ინფორმაცია იმ ორგანიზაციებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში აფინანსებდა საქართველოში და ამბობს, რომ ეს პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ არასტაბილურობასთან:
„უნდათ, რომ ჩამოეგდოთ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არის პატრიოტი ხელისუფლება და რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა, მაგრამ არ გამოუვიდათ.“
კითხვაზე, ემუქრება თუ არა ხელისუფლებას დასავლური სანქციები, კალაძემ აღნიშნა
„სანქციებიც ხომ დაძველდა?! ვერავის აშინებენ ამ სანქციებით.“




























