ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი, პიტერ სტანო ამბობს, რომ წევრი ქვეყნები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში შექმნილ სიტუაციას.
ევროპარლამენტარების მიერ ჯოზეფ ბორელისთვის ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილის და "რუსული კანონის" მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირებისკენ მოუწოდებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ, პიტერ სტანო განმარტავს, რომ სანქციების საკითხს ჯოზეფ ბორელი არ წყვეტს და ამ გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები იღებენ, როდესაც შეთანხმდებიან, რომ სხვა ვერაფერი მოიტანს შედეგს.
„ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში შექმნილ სიტუაციას. არაერთმა წევრმა სახელმწიფომ ძალიან ხმამაღლა და ნათლად განაცხადა, რას ფიქრობენ.
სანქციები არ არის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის გადასაწყვეტი. გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები იღებენ, როდესაც მივლენ კონსენსუსამდე, რომ სხვა ვერაფერი მოიტანს სასურველ შედეგს. ჩვენ ჯერ აქ არ ვართ. საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და კიდევ ერთხელ, ჩვენ ვიმედოვნებთ, ველით და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაბრუნდნენ ევროპულ გზაზე, შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელიც აიღეს ნებაყოფლობით, როდესაც კანდიდატის სტატუსზე განაცხადი წარადგინეს“, - თქვა მან.
მან ასევე დაგმო ძალადობა და ხელისუფლებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.
„რასაც საქართველოში ვხედავთ, არის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის შთამბეჭდავი მხარდაჭერა და სურვილი საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის, გზის მიმართ. ჩვენ ნამდვილად ველით, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამისობაში იქნება ამ სურვილთან.
რაც ბოლო რამდენიმე დღეში ვიხილეთ საქართველოში ხელისუფლების რეაგირების ნაწილში, განსაკუთრებით პოლიციის მხრიდან, იყო ძალადობა და ჩვენ მკაცრად ვგმობთ დაშინებას, მუქარას და ფიზიკურ შეურაცხყოფას დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. სასტიკი ქმედებები ასევე ვიხილოთ გასული ღამითაც. ამას ძალიან მკაცრად ვგმობთ. მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს პროტესტის უფლება, სათანადოდ გამოიძიოს ყველა გადაცდომა და ძალადობა, თუ ამას ჰქონდა ადგილი. ველით, რომ ამაზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან",- თქვა პიტერ სტანომ.
4 ევროპარლამენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს მიმართავს და მოუწოდებს, დაიწყოს პერსონალური სანქციების მომზადება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქვეყანას ევროპულ მომავალს აშორებენ. კერძოდ, საუბარია ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის და იმ დეპუტატების სანქცირებაზე, რომლებიც "რუსულ კანონს" მხარს უჭერენ.