ნიუ-იორკში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა IK Law Office-ის თანადამფუძნებელ, იურისტ ეკატერინე ეგუტიას შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანიებთან საქმიანი თანამშრომლობა, მათ შორის, რეკლამის განთავსება, კომპანიებისთვის რეპუტაციულ რისკს შეიცავს.
ამის შესახებ იურისტმა, რომელიც 2016-2019 წლებში „თიბისი ბანკის“ მთავარი იურისტის პოზიციას იკავებდა და ამჟამად, იურიდიულ პრაქტიკას საქართველოსა და აშშ-ში ეწევა, BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ეკატერინე ეგუტია ვარაუდობს, რომ კომპანიები, რომელთა ბიზნესსაქმიანობა და გეგმები მხოლოდ საქართველოს არ უკავშირდება, დიდი ალბათობით, სანქცირებულ ტელევიზიებთან არ ითანამშრომლებენ.
ამასთან, როგორც გამოცდილი იურისტი განმარტავს, კომპანიებს, რომლებიც სანქცირებულ ტელევიზიებთან თანამშრომლობას გადაწყვეტენ, სავარაუდოდ, მოუწევთ „იმედის ბანკში“ გახსნან ანგარიში [თუ ბანკი შეიქმნა] ანგარიშსწორებისთვის ან მომსახურების საფასური ნაღდი ფულით გადაიხადონ.
„ვისაც არ აქვს საერთაშორისო ამბიცია, არ გადის ქვეყნის გარეთ, არ აქვს სავაჭრო ინტერესები უცხოეთში და ა.შ. მათთვის თეორიულად შესაძლებელია [სანქცირებულ ტელევიზიებთან] თანამშრომლობა. მაგალითად, რომელიმე თონე ან სახაჭაპურე, რომელსაც არ აინტერესებს ლონდონი, თუმცა აი, ბულანჟერია „ანტრე“ გავიდა ლონდონში - ის მსგავს ბანკთან კონტაქტს ვერ დაამყარებს, რადგან უკვე საერთაშორისო დონის რისკები აქვს. ზოგიერთმა სამშენებლო კომპანიამ შეიძლება გარისკოს...“, - განაცხადა იურისტმა „წერტილში“.
ინტერვიუ ეკატერინე ეგუტიასთან
- სანქცირებული კომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ რადგან ტელევიზიებია, მათი შემოსავლის ერთ-ერთი წყარო რეკლამაა. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა სახელმწიფო და კერძო კომპანიებს, რომ ჩვეულებრივ გააგრძელონ თანამშრომლობა. რამდენად არსებობს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იქ რეკლამას მიიტანენ, ე.წ. მეორადი სანქციების რისკი თუ უფრო რეპუტაციული ზიანის რისკი არსებობს?
- უფრო რეპუტაციული... თუმცა სანქცირება თავისი არსით გულისხმობს, რომ სანქცირებულ პირთან არ უნდა დაამყარო ბიზნესურთიერთობა და არ გქონდეს გარიგება, რომელიც მას სანქციების არიდებაში დაეხმარება. მთავარი რეკომენდაციაა: მაქსიმალურად ერიდეთ სანქცირებულ პირთან ტრანზაქციებს. რაც შეეხება კონკრეტულ კომპანიებს ანუ ვინ გააფორმებს კონტრაქტს სანქცირებულ ტელევიზიებთან? ვისაც არ აქვს საერთაშორისო ამბიცია, არ გადის ქვეყნის გარეთ, არ აქვს სავაჭრო ინტერესები უცხოეთში და ლოკალურად, მხოლოდ ლარში ოპერირებს, მათთვის თეორიულად შესაძლებელია თანამშრომლობა. მაგალითად, რომელიმე თონე ან სახაჭაპურე, რომელსაც არ აინტერესებს ლონდონი, თუმცა აი, ბულანჟერია „ანტრე“ გავიდა ლონდონში - ის მსგავს ბანკთან კონტაქტს ვერ დაამყარებს, რადგან უკვე საერთაშორისო დონის რისკები აქვს. ზოგიერთმა სამშენებლო კომპანიამ შეიძლება გარისკოს.
- ამ კომპანიებსაც „იმედის ბანკის“ ანგარიში უნდა ჰქონდეთ ანგარიშსწორებისთვის?
- დიახ. ან „იმედის“ ბანკში შეიტანონ ფული ნაღდი სახით. არსებობს მრავალნაირი მეთოდი... ან გახსნიან ლარში ანგარიშს და თავადაც ჩაერთვებიან ამ სანქციების სისტემაში.
- სახელმწიფო კომპანიებსა და სამინისტროებსაც ხშირად აქვთ გამოწერილი ტელევიზიის მომსახურება. მათაც შეუძლიათ ასე, ნაღდი ფულით გადაიხადოს მომსახურების საფასური?
- როგორც წესი, სანქციების თავიდან არიდება სხვა პირებთან (დაკავშირებულ პირებთან) გარიგებებით ხდება. მაგალითად, შეიძლება სხვა კომპანიას, ვთქვათ „რუსთავი 2“-ს ან რომელიმე შუამავალ სარეკლამო შპს-ს გადაურიცხონ თანხა. არსებობს სანქციების თავიდან აცილების ასეთი მეთოდები.
- თუ ეს მეთოდი მუშაობს, გამოდის, ყველაფერი მარტივადაა, რადგან საქართველოში არსებობს „გაყიდვების სახლები“, რომლებიც სანქცირებულ ტელევიზიებში სარეკლამო დროს ყიდიან. თუ თანხას გაყიდვების სახლში ვრიცხავ, ეს არ ჩამეთვლება დარღვევად?
- ბევრმა ირანელმა და რუსმა აარიდა თავი სანქციებს მსგავსი გარიგებებით, როცა ფორმალურად წინ ქართველი დგას, რომელსაც აქვს ანგარიში და ის ატარებს ტრანზაქციებს...
- თუმცა ტელევიზიაში ყველაფერი ჩანს - პროდუქტი გამოჩნდება ეთერში...
- დიახ... ასეთ შემთხვევაში, არსებობს მეორე საფრთხე - ბრიტანეთიდან გამოვა ახალი სანქციების სია, სადაც იტყვიან, რომ „შენ თავს არიდებ სანქციებს და ესა და ეს კომპანია, რომელიც ხელს უწყობს ნაღდი ფულით მოძრაობას, ასევე უნდა დასანქცირდეს“... რა თქმა უნდა, ესეც რისკია მათთვის, ვისაც ასეთი „რისკის აპეტიტი“ აქვს.
- მოკლედ, მართალი იყო „იმედის“ უკვე ყოფილი მფლობელი ირაკლი რუხაძე, როცა ერთი წლის წინ ამბობდა, ძალიან საშიშია ბრიტანული სანქციებიო...
- მართლაც ძალიან საშიშია. როგორც ჩანს, ეს ყველაზე დამაზიანებელია ჩვენი ბიზნესებისთვის, რადგან ბევრს აქვს აქტივები ბრიტანულ იურისდიქციაში.




























