47 წლის ავთანდილ კალანდაძემ, "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერის ყოფილმა კაპიტანმა, რომელსაც ირანული და ვენესუელური ნავთობი აშშ-ის მოწინააღმდეგეთა სასარგებლოდ გადაჰქონდა, დღეს აშშ-ის საოლქო სასამართლოში ბრალი აღიარა.
საქმე ეხება კარიბის ზღვიდან ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანემდე რამდენიმეკვირიანი დევნისას აშშ-ის სანაპირო დაცვის ბრძანებებისადმი დაუმორჩილებლობას.
საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კალანდაძემ მოსამართლე ბერილ ა. ჰოუელის წინაშე ბრალი აღიარა სანაპირო დაცვის კატარღის ბრძანების (გემის გაჩერება/მოძრაობის შენელება) შეუსრულებლობაში. განაჩენის გამოცხადება 7 აგვისტოს არის დაგეგმილი. გემის გაჩერების ბრძანების შეუსრულებლობა, დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, მაქსიმუმ 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კალანდაძე ციხის ვადის ამოწურვის შემდეგ დეპორტირებული იქნება.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, 2025 წლის სექტემბრიდან 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე კალანდაძე მოტორ-ტანკერ Marinera-ის კაპიტანი იყო. ამ პერიოდში Marinera-მ აზიაში დაახლოებით 1.8 მილიონი ბარელი ირანული წარმოშობის ნავთობი გადაიტანა. ამ დროის განმავლობაში კალანდაძე იყენებდა კვალის არევის გავრცელებულ ტექნიკებს Marinera-ს აქტივობების დასამალად, მათ შორის: გამორთული ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემით (AIS) ცურვას და Marinera-ს სახელის დამალვას ირანული ნავთობის სხვა გემზე გადატვირთვისას.
2025 წლის დეკემბერში, მისი მეთაურობის დროს, ვენესუელისკენ მიმავალი Marinera აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღამ, Munro-მ შენიშნა. Marinera არ დაემორჩილა სანაპირო დაცვის ბრძანებას გაჩერებაზე და ატლანტის ოკეანეში გაიქცა. გაქცევის დროს და ოპერატორი კომპანიის წარმომადგენლის მითითებით, კალანდაძემ არაერთი ნაბიჯი გადადგა სანაპირო დაცვისგან თავის დასაღწევად, მათ შორის: არ დაემორჩილა ფედერალური სამართალდამცველების მრავალგზის ბრძანებას გაჩერებულიყო აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღა Munro-სთან და გაანადგურა ჩანაწერები და ინფორმაცია Marinera-ს ბორტზე.




























