მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[სანქცირებული პირებისთვის ხელფასის გადახდაზე] შს მინისტრის განცხადების შემდეგ ბანკებს შეიძლება დიდი ზიანი მიადგეთ - ნიკოლოზ შურღაია

ნიკოლოზ შურღაია

ფინანსისტი ნიკა შურღაიას შეფასებით, სანქცირებული პირებისთვის ხელფასის გადახდაზე შს მინისტრის განცხადების შემდეგ ბაკებს შეიძლება დიდი ზიანი მიადგეთ. ამის შესახებ მან BMG-სთან ისაუბრა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სანქცირებული პირები ჩვეულებრივ იღებენ ხელფასებს. ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია რომელ ბანკში იღებენ ან იღებენ თუ არა ბანკების გავლით სანქცირებული პირები ხელფასებს, თუმცა ფინანსისტები ამ მიმართულებით ვარაუდებს აკეთებენ.

ნიკა შურღაია ამბობს, რომ სავარაუდოდ მათ ისეთი ბანკი ემსახურება, რომელსაც არ აქვს პირდაპირი საკორესპოდენტო ანგარიშები ევროპულ და ამერიკულ ბანკებთან, თუმცა გარდა ამისა ამ განცხადებას თავის მხრივ ნეგატიური ეფექტიც ექნება ქართულ საბანკო სისტემაზე, რომელზეც საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

“შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება არის ძალიან სახიფათო. მესმის, რომ მას უნდა რომ ხელისუფლების მომხრეები გაამხნეონ, ის პოლიციელები, ვინც არასწორად მოქმედებენ, რომ გააგრძელეთ თქვენ ძალადობა და თქვენ არაფერი გემუქრებათ, ანგარიში არ გაგიჩერეს, მაგრამ მეორე მხრივ ეს ძალიან მავნებლურია, იმიტომ რომ ბანკებს შეიძლება სერიოზული ზიანი მიადგეთ. მე ვვარაუდობ, რომ ანგარიში არის ქართუ ბანკში გადატანილი ან რომელიმე სხვა ბანკში არ ვიცი, რომელსაც არ აქვს პირდაპირი საკორესპონდენტო ანგარიშები ევროპულ და ამერიკულ ბანკებთან, ანუ მისთვის სულ ერთია, მაგრამ სხვებისთვის სულ ერთი არ არის.

განსაკუთრებით დიდი ბანკებისთვის. რომელიმე დიდი ბანკი რომ დასანქცირდეს ამას ექნება კატასტროფული შედეგები ჩვენი ეკონომიკისთვის, არამარტო საბანკო სექტორისთვის. 50 მილიარდზე მეტი დეპოზიტები დევს იმ ბანკებში, 10%-ზე მეტი უცხოელებისაა, მაგრამ არა მგონია, რომ ჩვენმა თანამემამულეებმაც ამას მშვიდად უყურონ. ძალიან რეალური და სახიფათო არის. ანგარიშსწორება ხომ გაძნელდება და გაძნელდება, ასევე დიდ დეპოზიტების გადინება, უამრავი ლარის გადაკონვერტირება ლარიდან უცხოურ ვალუტაში მოჰყვება, რის გამოც საბოლოო ჯამში კოლაფსში შევა პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენი ეკონომიკა,”- ამბობს ფინანსისტი ნიკა შურღაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები