მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“სანტექნიკოსებისა და ელექტრიკოსების შემოსავალი წლიურად $100,000 დოლარი გახდება” - Nvidia-ს ხელმძღვანელი

NVIDIA ჯენსენ ჰუანგი

მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის განცხადებით, მომავალ წლებში “ლურჯსაყელოიანების”, ანუ იმ პროფესიების წარმომადგენლების წლიური შემოსავლები, რომლებიც სანტექნიკაზე და ელექტროობაზე მუშაობენ, $100,000 დოლარს მიაღწევს.

შედარებისთვის, ამჟამად, ელექტრიკოსის საშუალო შემოსავალი $55,000 დოლარია, სანტექნიკოსის კი - $36,000. როგორც ჰუანგმა დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, მათი ანაზღაურების მკვეთრი ზრდის მიზეზი ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის აუცილებელი მონაცემთა ცენტრების მშენებლობების აქტიურად დაწყება იქნება.

ჰუანგმა აღნიშნულ ორ პროფესიასთან ერთად დაასახელა კიდევ ორი ის საქმიანობა, რომელიც გაცილებით შემოსავლიანი გახდება. საუბარია კავშირგაბმულობის ინჟინერიასა და ფოლადზე მუშაობაზე, რადგან მათ გარეშე AI დატა ცენტრების აგება შეუძლებელი იქნება.

როგორც Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, სწორედ თანამედროვე ტენდენციების დამსახურებაა ის, რომ 6-ნიშნა წლიური შემოსავლის მიღებას აღნიშნულ სფეროებში დასაქმებულები ყოველგვარი დამატებითი განათლების მიღების გარეშე შეძლებენ. “ვფიქრობ, მეტი ადამიანი უნდა დაინტერესდეს ამ ხელობებით, რადგან ჩვენ სამუშაო ძალის სერიოზულ დეფიციტს განვიცდით და, რაღაც მხრივ, ესეცაა მიზეზი, რატომაც ვერ ვახერხებთ უფრო მეტი AI დატა ცენტრის აშენებას. ამასთან, ეს საუკეთესო შესაძლებლობაა უმაღლესი განათლების არმქონე ადამიანებისთვის, მიიღონ სერიოზული შემოსავალი.” - განაცხადა ჰუანგმა.

აღსანიშნავია, რომ Nvidia-ს ხელმძღვანელის მოსაზრებას იზიარებს საინვესტიციო ბანკი FMI-ც, რომელიც მოელის, რომ უახლოეს წლებში მონაცემთა ცენტრების აგებაზე მომუშავე სპეციალისტებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება. მხოლოდ წელს, მათი პროგნოზით, ხელფასები 23%-ით გაიზრდება. მათი აზრით, სანტექნიკოსები, ელექტრიკოსები, კავშირგაბმულობის ინჟინრები თუ ფოლადზე მომუშავეები იმ ფაქტმაც უნდა დააინტერესოს, რომ თუნდაც დალასში, AI მონაცემთა ცენტრებზე მომუშავეთა ხელფასი 30%-ით აღემატება ყველა სხვა ობიექტზე დასაქმებულთა ანაზღაურებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები