მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სანტორინიზე სეისმური აქტივობის ზრდის გამო, მოქალაქეები კუნძულს ტოვებენ

მიწისძვრა

ათასობით ადამიანმა ბერძნული კუნძული სანტორინი მას შემდეგ დატოვა, რაც ტერიტორიაზე სეისმური აქტივობა გახშირდა და რამდენიმე დღეში ასობით მიწისძვრა დაფიქსირდა.

ბერძნული საზოგადოებრივი მაუწყებლის, ERT-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში სანტორინი 6000-ზე მეტმა რეზიდენტმა დატოვა. მოქალაქეები ათენში ბორნებით გადავიდნენ.

1-2 თებერვალს კუნძულზე ყველაზე ძლიერი, 4.9 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, სამი დღის განმავლობაში კი ეგეოსის ზღვაში 600-მდე სეისმური აქტივობა დაფიქსირდა, საშუალოდ 3.0 მაგნიტუდის სიძლიერის.

საბერძნეთის მიწისძვრის დაცვისა და დაგეგმვის ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ძლიერი სეისმური აქტივობა კიდევ რამდენიმე დღე, ან კვირები გაგრძელდება.

სანტორინი საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კუნძულია, რომელიც ყოველწლიურად 3.4 მილიონ ტურისტს იზიდავს. მუდმივ მოსახლეთა რაოდენობა კუნძულზე 20 000-ს აღწევს, მათმა დიდმა ნაწილმა კი სანტორინი უკვე დატოვა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ, ვიდრე მთავრობა “ძალიან ინტენსიურ გეოლოგიურ ფენომენს” გაუმკლავდება.

მიწისძვრების გამო სანტორინის აეროპორტიდან დამატებითი ფრენები სრულდება, რათა მოსახლეობა უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანოს. კუნძულზე მოქმედი სკოლები და კერძო დაწესებულებები დახურულია. რეზიდენტებს მოუწოდებენ, შიდა სივრცეებში შეკრებებისგან თავი შეიკავონ.

სანტორინისთვის, რომელიც აფრიკულ და ევრაზიულ ტექტონიკური ფილების მახლობლად მდებარეობს, ბიძგები უცხო არ არის, თუმცა მუდმივი სეისმური აქტივობა მაინც იშვიათია.

სანტორინის ყველაზე მასშტაბური მიწისძვრა ბოლო 1556 წელს დაფიქსირდა. მაშინ 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრას 53 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 100 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები