მომავალი წლიდან, „საოჯახო მეურნეობა მილდიანი“ ცქრიალა ღვინის წარმოებას იწყებს და ახალ ინფრასტრუქტურას ავითარებს. ამის შესახებ BM.GE-სთან მეღვინეობის დამფუძნებელმა, ელდარ მილდიანმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად 100-მდე სახეობის ღვინოს აწარმოებენ და წლიურად, ჯამში 3 მლნ ბოთლის ჩამოსხმას ახდენენ. ახალი სახეობის ღვინის წარმოება კი მეღვინეობის განვითარებას ემსახურება.
„ამ ეტაპზე, საჭირო დანადგარების შეძენას ვახდენთ, რომ ცქრიალა ღვინო ვაწარმოოთ. ამასთან, ვფიქრობთ, რომ ხარისხიანი, ცქრიალა ღვინის წარმოება შეგვიძლია. პირველ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე ვიქნებით წარმოდგენილი და ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ, ექსპორტზეც დავიწყებთ ფიქრს. წელს, IWCS-ში მონაწილეობას ვიღებდით, სადაც 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მივიღეთ.
ამჟამად, ჩვენი პროდუქციის 60% ექსპორტია, ხოლო 40% შიდა ბაზარზე რეალიზდება. ადგილობრივ ბაზარზე, ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია ჰორეკა სექტორსა და ქსელურ მარკეტებში ხორციელდება, რომლის ტრანსპორტირებასაც ჩვენი სადისტრიბუციო კომპანია ახდენს.
რაც შეეხება ექსპორტს - პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, გერმანიაში, პოლონეთში, კანადაში, ამერიკასა და ჩინეთში ვახდენთ,“- აცხადებს მილდიანი.
გარდა ღვინის წარმოებისა, მეღვინეობა ჭაჭასა და ბრენდის აწარმოებს, რომელიც მცირე რაოდენობით ექსპორტზე და მეტწილად ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება.
აღსანიშნავია, რომ საწარმოს გაფართოებაც იგეგმება. მარნის ტერიტორიაზე ახალი საამქროსა და მარნის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, ჯამში 2 მლნ ლარი უნდა განხორციელდეს.
ინფორმაციისთვის, „საოჯახო მეურნეობა მილდიანი“ თელავის რაიონ, სოფელ წინანდალში მდებარეობს. მარანში 100-მდე სახეობის ღვინოს აწარმოებენ და ადგილზე დაახლოებით 50 ადამიანია დასაქმებული.