სოფელ პაპოშვილებში მდებარე საოჯახო სასტუმროს "მარეთი" დამფუძნებელი, შუშანა ფუტკარაძე BM.GE-სთან აჭარაში საოჯახო სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შექმნილი პროექტის "კარგი მასპინძელი" შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მათი რეგიონისთვის ასეთი პროექტები მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა.
აღსანიშნავია, რომ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სასტუმრო სახლებს ობიექტების პოპულარიზაციაში დაეხმარება, რაც მოიცავს ფოტო-ვიდეო მასალების შექმნას, მანიშნებლების დადგმას, ტრენინგებს სერვისის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით ინფოტურებში ჩართულობასა და ბრენდირებული სუვენირებით უზრუნველყოფას.
როგორც სასტუმროს დამფუძნებელი აცხადებს, მათ სასტუმროს სტუმრები ისედაც არ აკლია, თუმცა ამგვარი პროექტები რეგიონისთვის მეტი სტიმული იქნება, რომ რაც შეიძლება მეტად განვითარდეს და უფრო მეტი დამსვენებელი მოიზიდოს.
"პროექტში ჩართვას აუცილებლად ვაპირებ. ძალიან კარგია ასეთი წამოწყებები, რადგან ის რეგიონის პოპულარიზაციას უზრუნველყოფს. ხულო უფრო ადრე გახდა პოპულარული და იქ უფრო მეტი ხალხია, ხოლო შუა ხევის მუნიციპალიტეტს კიდევ მეტი პოპულარიზაცია სჭირდება.
გასულ წელთან შედარებით, წელს უფრო ნაკლები დამსვენებელი გვყავდა, რასაც ისევ ცნობადობის ნაკლებობას ვუკავშირებ. ზაფხულში, დაახლოებით 60%-ით ვიყავით დატვირთული. იყვნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სტუმრებიც. მომხმარებელს განთავსებას და ტრადიციული კერძებით გამასპინძლებას ვთავაზობთ. მხოლოდ განთავსება ჩვენთან 30 ლარი ღირს, კვების დამატებით კი ღირებულება 90 ლარამდეა",-აცხადებს ფუტკარაძე.
დამფუძნებელი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ახლა 10 ნომერი და მხოლოდ ორი სველი წერტილი აქვთ, თუმცა სამომავლო პერსპექტივაში ყველა ოთახისთვის საკუთარი სველი წერტილის გაკეთებას გეგმავენ. თუმცა საინვესტიციო თანხები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.