მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საოკუპაციო ხაზთან მოსახლეობას სუფთა წყალი არ აქვს – ლევან იოსელიანი

იოსელიანი და დევნილები

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბიდან რუსი სამხედროების მიერ გატაცებული მოქალაქეების ოჯახის წევრებს შეხვდა. ამასთან, სახალხო დამცველმა ხურვალეთის დევნილთა დასახლება მოინახულა, სადაც ამჟამად 400-მდე ადამიანი ცხოვრობს.

"შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ როგორც ძალიან ბევრ სოფელსა და დასახლებულ პუნქტში, სუფთა წყალი არც ხურვალეთის მოსახლეობისთვის არის ხელმისაწვდომი. მათ ასევე აწუხებთ მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობა, რაც სოციალურად არამდგრად მდგომარეობაში მყოფ დევნილებს კიდევ უფრო უძვირებს გადაადგილების ხარჯებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სოფლის მოსახლეობამ ამბულატორიების კეთილმოწყობის საკითხზეც ისაუბრა. მათი თქმით, შენობებში არსებული პირობები სერვისებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობას არ იძლევა.

"გარდა ამისა, ხელისუფლებისგან სასოფლო სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერას ითხოვენ, ვინაიდან, როგორც თავად ამბობენ, ტექნიკის სიმცირის გამო მოსავლის აღება უგვიანდებათ. სახალხო დამცველმა მოუწოდა ადგილობრივ ხელისუფლებას - გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმ ადამიანთა ყოფითი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომელთაც საოკუპაციო ხაზთან სიახლოვის გამო მუდმივი საფრთხის პირობებში უწევთ ცხოვრება" - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები