საპარლამენტო ოპოზიციამ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. როგორც უმცირესობის დეპუტატმა თამარ კორძაიამ ბათუმში მედიას განუცხადა სარჩელს 38-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი. პარლამენტარებმა „უცხოური გავლების გამჭვირვალობის“ კანონი მთლიანად კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით გაასაჩივრეს. თამარ კორძაიამ იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავის ვალდებულებას გაითვალისწინებს და ამ კანონის შეჩერების შესახებ დროებით ღონისძიებას მიიღებს.
„საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან და საერთოდ თითოეულ საქართველოს მოქალაქესთან. მთელი საქართველო ვდავობთ „ქართული ოცნების“ რუსული კანონის წინააღმდეგ“, - განაცხადა პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონზე სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით.
„საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან და საერთოდ თითოეულ საქართველოს მოქალაქესთან. რუსული კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ვთვლით, რომ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა ამაზე ვიდავოთ საკონსტიტუციო სასამართლოში. საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია, 38 დეპუტატი ვაწერთ ხელს, ზოგიერთი უბრალოდ არ იყო ფიზიკურად, თორემ ის უერთდება ამ სარჩელს და ჩვენ სასამართლოში ყველასთან ერთად, მთელი საქართველო ვდავობთ „ქართული ოცნების“ რუსული კანონის წინააღმდეგ. ვასაჩივრებთ მთელ კანონს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით, მაგრამ პირველი ეტაპი არის შეჩერება, ჩვენ ვითხოვთ შეჩერებას, არჩევნებამდე ეს კანონი უნდა შეჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შეუქცევადი ზიანი მიადგეს ამ ქვეყანას“, - განაცხადა თამარ კორძაიამ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონზე სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიცია ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტის გამოყენების მიზნით გაერთიანდა რათა რუსულ კანონს შეეწინააღმდეგონ.
„გარდა იმისა, რომ რუსული კანონი არღვევს არაერთ საერთაშორისო ნორმას და სტანდარტს, ის ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კერძოდ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ავალდებულებს ყველა სახელისუფლებო შტოს და ინსტიტუციას, რომ ყველაფერი გააკეთოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად მაშინ, როდესაც რუსული კანონის მიღებით ივანიშვილის პარტიამ გზა ჩაუხერგა ჩვენს ქვეყანას ევროკავშირისკენ. სიმართლე გითხრათ, არ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ იხელმძღვანელებს პოლიტიკური დაკვეთით, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია მათ შორის იმპიჩმენტის საკითხში პრეზიდენტი ზურაბიშვილის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ოპოზიცია გავერთიანდეთ იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი, რათა შევეწინააღმდეგოთ რუსულ კანონს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამოიყენებს ამ შანსს, რომ დადგეს კონსტიტუციის და ქართველი ხალხის მხარეს, ამ შანსს გამოიყენებს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს და მაინც გააუქმებს საკუთარი არჩევანით რუსულ კანონს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ