მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ქართული დემოკრატიის განადგურება ხდება - ნატალია საბანაძე

ნატა

“დღეს, პარლამენტის უმრავლესობის მიერ და იმ ადამიანის, მიერ ვინც არაფერზე აგებს პასუხს, ქართული დემოკრატიის განადგურება ხდება", - განაცხადა EU-ში საქართველოს მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა და Chatham House-ის უფროსმა მკვლევარმა ნატა საბანაძემ დღეს, კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს საკითხს ("საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა") განიხილავენ. კომისიის თავმჯდომარე MEGOBARI აქტის ინიციატორი კონგრესმენი ჯო ვილსონია.

ნატა საბანაძემ დეტალურად აღწერა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება. მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება "სტალინის ერის აღდგენას ცდილობს" და მიმართა კონგრესს, ამის წინააღმდეგ იმოქმედონ.

"დაშინება, მუქარა გახლავთ ყოველდღიური მოვლენა... დღევანდელი ქართული დემოკრატიის განადგურება ხდება პარლამენტის უმრავლესობის მიერ; იმ ადამიანის მიერ, რომელიც არავის წინაშე პასუხს არ აგებს. საპარლამენტო უმრავლესობის დახმარებით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით ხდება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. ეს დარტყმაა საქართველოს ხანგრძლივი სურვილის, გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ხელისუფლების მიერ საქართველოს მეგობრები წარმოჩენილია, როგორც მტრები, რომლებსაც სურთ, საქართველო ჩაითრიონ ომში. ქართული ხელისუფლება ირწმუნება, რომ ეს კანონი კიდევ უფრო გააღრმავებს ევროპულ ინტეგრაციას, არათუ უკან დახევს", - განაცხადა ნატა საბანაძემ.

Chatham House-ის უფროსმა მკვლევარმა სიტყვით გამოსვლისას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ინვესტორად ჩინური სახელმწიფო კომპანია CCCC-ის შერჩევაც ახსენა, რომელიც ამ დროისთვის ერთადერთი პრეტენდენტია.

"საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა გულისხმობს ჩინური მხარისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურების გადაცემას, ქართული ეკონომიკის დედოლარიზაციას, ამიტომ ამ ბრძოლაში "მეგობარი აქტი" ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველომ უნდა იბრძოლოს, ეს ბრძოლა თვითონ უნდა აწარმოოს და მათ, ვინც უგულებელყოფს ჩვენს დემოკრატიულ და მშვიდობიან მისწრაფებებს, უნდა დაინახონ და გადაიხადონ ფასი. ინდივიდუალური პირები, რომლებსაც სურთ, შეგვათრიონ რუსეთის გავლენის სფეროში, მათ უნდა იგრძნონ ამის შედეგები,“ - განაცხადა ნატალია საბანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები