მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საპარტნიორო ფონდი” 100 მილიონი დოლარის პროექტების განხორციელებას გეგმავს

63d61c9983281
შოთა ტყეშელაშვილი
29.01.23 10:40
2149
საპარტნიორო ფონდმა ფინანსური და მმართველობითი ანგარიში გამოაქვეყნა, რაც ფონდის სამომავლო განვითარების გეგმებს და არსებულ სტრატეგიას შეეხება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფონდიდან რკინიგზისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის გასვლის შემდგომ მისი სტრუქტურული ცვლილება იგეგმება. დოკუმენტის თანახმად, მთავრობა წელს ახალი კანონის მიღებას გეგმავს, რაც ფონდის საქმიანობას უფრო მოქნილს გახდის. ამასთან, მმართველობითი ანგარიშის თანახმად, ფონდს ახალი პროექტების დასაფინანსებლად დამატებითი სახსრების მოძიება ესაჭიროება, თუმცა რა წყაროებიდან იქნება ეს თანხები მოზიდული დაკონკრეტებული არაა.

დოკუმენტის მიხედვით, ამჟამად დაგეგმილი პროექტების საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონ დოლარს შეადგენს.

“საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის განკარგულების შესაბამისად, „საქართველოს რკინიგზის“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ აქციათა 100% ამოღებულ იქნა ფონდის კაპიტალიდან 2022 წლის 16 დეკემბერს და გადავიდა სახელმწიფოს პირდაპირ საკუთრებაში. ზემოაღნიშნული განკარგულების შესაბამისად, 2023 წლის განმავლობაში იგეგმება ცვლილებები „საპარტნიორო ფონდის შესახებ“ კანონში, რაც ფონდის საქმიანობას უფრო მოქნილს და ეფექტიანს გახდის.

ფონდს დამატებითი სახსრების მოძიება ესაჭიროება პროექტების განსახორციელებლად. ფონდის დაგეგმილი პროექტების ნუსხა მოიცავს ინვესტიციებს ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, წარმოების და ენერგეტიკის მიმართულებით. ფონდის მოლოდინია, რომ მოდევნო 5 წლის განმავლობაში წარმოების და ტურიზმის პროექტები გახდება ფონდისათვის პრიორიტეტული. 3 ამჟამად, დაგეგმილი პროექტების ღირებულება (ფონდის წილი ინვესტიცია) შეადგენს დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარს,”- ნათქვამია საპარტნიორო ფონდის მმართველობით ანგარიშში.

2022 წლის ბოლოს, მთავრობის გადაწყვეტილებით, საპარტნიორო ფონდმა გაზისა და ნავთობის კორპორაციას გარდაბნის თბოსადგურში არსებული 49%-იანი წილი 43 მილიონ ევროდ მიჰყიდა. მიღებული შემოსავლით კი საპარტნიორო ფონდმა Credit Europe Bank-ის სესხი დაფარა. ფონდის განცხადებით, ამჟამად მათ არ აქვთ არც ქართული და არც უცხოური საბანკო დაწესებულების ვალი.

შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის ფარგლებში ახალი საინვესტიციო პროექტების დაფინანსება შეზღუდული ჰქონდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები