საქართველოს პარლამენტი განიხილავს ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს საპარტნიორო ფონდის რეფორმირების შესახებ. ორგანიზაციას სახელი ეცვლება და მას “საქართველოს განვითარების ფონდი” ეწოდება. კანონპროექტის მიხედვით, ახალი ფონდი კომერციულად მდგრად პროექტებში განახორციელებს ინვესტიციებს.
საპარტნიორო ფონდში BMG-ის განუმარტეს, რომ უცვლელად გადადის ფონდის დაფინანსების შესახებ არსებული მუხლები. მათ შორის ფონდს შეუძლია თანხები მოიზიდოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან, ასევე გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რომ ფონდში კაპიტალის შენატანი განახორციელოს მისმა “დამფუძნებელმა”, ანუ მთავრობამ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ფონდი სახელმწიფო დაფინანსებას არ მიიღებს.
პარლამენტში გამართულ მოსმენამდე BM.GE-ს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ჯორბენაძემ უთხრა, რომ ახალი პროექტების დაფინანსება საკუთარი სახსრებით მოხდება.
„კანონპროექტის მიხედვით ძირითადი ცვლილება არის სახელწოდება, საპარტნიორო ფონდის ნაცვლად იქნება „საქართველოს განვითარების ფონდი“, მეორე ცვლილებით მკაცრდება პროექტებში მონაწილეობის პრიორიტეტები და მესამე არის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის ცვლილება. დღეს მოქმედი კანონით პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები არიან საბჭოში, რაც შეიცვლება. რაც შეეხება გარდამავალ პერიოდს, გათვალისწინებულია 90 დღე და სწორედ ამ პერიოდში უნდა ამოქმედდეს ახალი სტრუქტურა. ეს გულისხმობს, რომ მთავრობას გარდამავალი დებულებით დავალებული აქვს ახალი დებულების დამტკიცება და სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობის შერჩევა“, - განაცხადა ჯორბენაძემ.
რაც შეეხება დაფინანსების მოდელს, მისი განმარტებით, არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს თანხების მოძიება ფონდში.
„ბიუჯეტში დაფინანსებაზე არაფერია გათვალისწინებული, შესაბამისად, საკუთარი სახსრებით მოხდება ახალი პროექტების დაფინანსება. ვმუშაობთ ასევე იმ საკითხებზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი ადგილობრივი ან საერთაშორისო ინვესტორებისგან დაფინანსების მოზიდვა. რაც შეეხება მიმართულებებს, რომლებიც უნდა დაფინანსდეს - ეს იქნება სტარტაპები, ეკომეგობრული წარმოება, იმპორტის ჩანაცვლება და ნებისმიერი მიმართულება, რომელშიც საქართველოს ეკონომიკას ფარდობითი უპირატესობა გააჩნია სხვა ქვეყნების ეკონომიკასთან შედარებით. კანონპროექტში ასევე პირდაპირ წერია, რომ არ დავაფინანსებთ აზარტულ თამაშებს“, - თქვა მან.
დონორებს რაც შეეხება, ჯორბენაძის თქმით, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი, რომელიც პროექტებით დაინტერესდება. „მიმდინარეობს მოლაპარაკება შესაბამის ორგანიზაციებთან და მეტ დეტალს ვერ გეტყვით“, - ამბობს ის.
BMG დაინტერესდა, თუ რას უპასუხებდა ის მოსაზრებას, რომ დაფინანსების მიმართულებები უკვე არსებობს სტრუქტურები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებას აფინანსებენ, და რით იქნება განსხვავებული ფონდი მათგან, ჯორბენაძემ უპასუხა, რომ „ძალიან განსხვავდება ის ფინანსური რესურსი, რასაც ფონდი იყენებს, რადგან ფონდის ფინანსური ინსტრუმენტი გულისხმობს ინვესტიციის და უკუგების დაბრუნებას, როცა რაღაცა ფინანსდება, ფონდს აქვს ორმხრივი მიზანი. დაფინანსების მიმღებიც კმაყოფილია და ფონდიც იღებს მოგებას. აქ რამე კონკურენცია და გადაფარვა არ მოხდება. ფონდის მიზანი თავიდანვე იყო და ახლა კანონშიც ჩავწერეთ, რომ ნებისმიერი პროექტიდან ფონდი უნდა გამოვიდეს 100%-ით, უბრალოდ როდის და რა პირობებით, ეს სამეთვალყურეო საბჭომ და აქციონერმა უნდა გადაწყვიტონ. ფონდის მიზანი არ არის მუდმივად დარჩეს პროექტში. ფონდის მიზანია მოგების მიღება, ის იყენებს ასეთ ფინანსურ ინსტრუმენტს. ის, თუ რა ვადებში მოხდება პროექტიდან გამოსვლა, ამაზე ვერ ვისაუბრებ, ბევრ კრიტერიუმსა და ფაქტორზეა დამოკიდებული. მიზანი იქნება, რომ გამოვიდეთ პროექტებიდან. ზოგიერთ პროექტში, მაგალითად წინანდალში პარტნიორს აქვს ვალდებულება, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ გამოისყიდოს პროექტს შესაბამისი უკუგებით", - ამბობს ის.
რაც შეეხება დაფინანსების მოდელს, ჯორბენაძე ამბობს, რომ დღეს დაფინანსების რა მოდელიც არის, ის მუხლი რჩება უცვლელი და ფონდი სახელმწიფოსგან დაფინანსებას სისტემურად არც ახლა იღებს და მომავალშიც ასე იქნება.
„იყო ასეთი (ბიუჯეტიდან დაფინანსების) შემთხვევები მანამდე, როცა ელექტროსისტემა იყო ჩვენი შვილობილი კომპანია. სახელმწიფოს სურდა კაპიტალში შეტანა და ჩვენი გავლით შეიტანა, რადგან სხვა გზა არ იყო. თუმცა მიზნობრიობა მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება და სხვანაირად ის თანხა ვერც დაიხარჯება. ასეთი რაღაცები არსებობდა, მომავალში არ ვიცი შეიძლება თუ არა მსგავსი რამ მოხდეს, თუმცა კანონპროექტი არ ითვალისწინებს იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩვენ დავფინანსდეთ“, - განმარტა ჯორბენაძემ.
რაც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოს არჩევას, ფონდის წარმომადგენლის თქმით, აქციონერი შეარჩევს საბჭოს წევრებს და შესაბამისად, თავმჯდომარეც განისაზღვრება ახალი შემადგენლობიდან.