მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპატრულო პოლიციის ხარჯი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი - კაკაურიძე

63564def40c5a
ინგა მურუსიძე
24.10.22 13:05
1134
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საპატრულო პოლიციის ხარჯი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 

როგორც კაკაურიძემ პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, სწორედ აღნიშნული ხარჯის ზრდამ განაპირობა ცვლილებები, რაც მომსახურების სააგენტოს გარკვეულ მომსახურებებზე ფასების მატებას ეხება. საქმე ეხება ავტომობილებზე სანომრე ნიშნების აღების ღირებულებას. ცვლილებების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 100 ლარით; ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 80 ლარით, ხოლო ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა ასევე 35 ლარის ნაცვლად 80 ლარით განისაზღვრება.

„2010 წელს იყო 730 ათასი მანქანა რეგისტრირებული, დღეს არის 1.600 მლნ, რაც იმას ნიშნავს, რომ საპატრულო პოლიციის ხარჯი, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი საგზაო უსაფრთხოებაზე და ა.შ. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამ ხარჯის ნაწილი ფინანსდება მომსახურების სააგენტოდან“, - განმარტა გიორგი კაკაურიძემ.

კითხვაზე, რა ოდენობის თანხის გენერირებას ელოდება მთავრობა ცვლილებების შემდეგ, კაკაურიძე ამბობს, რომ ბოლო სტატისტიკიდან გამომდინარე, მომსახურების სააგენტო დაახლოებით 40 მლნ ლარს მიიღებს. მინისტრის მოადგილის თქმით, ეს თანხა მოხმარდება საპატრულო პოლიციის ხარჯებს. კაკაურიძის განმარტებით, თანხა საკმარისი არ არის, თუმცა დანარჩენ ხარჯს მომსახურების სააგენტო გაწევს.

"საპატრულო პოლიციის ხარჯი გაიზარდა. ორი ვარიანტია - უნდა გამოიყოს თანხა ბიუჯეტიდან, ან ვფიქრობთ, ყველაზე სამართლიანია, ეს ხარჯი გაწიოს იმ ადამიანებმა, ვინც უშუალოდ მოიხმარს ამას და არა ყველა გადასახადის გადამხდელმა. გადასახადი არ არის ყოველთვიური ან ყოველწლიური, ალბათ მანქანას რამდენიმე წელში ერთხელ ცვლიან ადამიანები, შესაბამისად, გადაწყვეტილება სამართლიანია", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

მისივე თქმით, დაახლოებით ხუთ წელში ერთხელ უნდა გადაიხედოს საფასური, ვინაიდან არსებული გადასახადი ნომრის დაბეჭდვასაც არ ჰყოფნის.

„35 ლარი არ ჰყოფნის თავად დაბეჭდვას. ნომრის ხარჯს არ ჰყოფნის“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები