საქართველოს საპენსიო ფონდის სამ საინვესტიციო პორტფელს შორის 2026 წლის დასაწყისიდან ივლისის ჩათვლით ყველაზე მაღალი ნომინალური ამონაგები დინამიური პორტფელს ჰქონდა - 7.45%. დაბალანსებული პორტფელის ამონაგები 7.18%-ს, ხოლო კონსერვატიული პორტფელის - 6.79%-ს შეადგენდა.
თუმცა, იანვარ-ივლისის პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა, ანუ ინფლაციით დაკორექტირებულმა, ამონაგებმა 3.45% შეადგინა. დაბალანსებული პორტფელის რეალური ამონაგები 3.20%, კონსერვატიულის კი 2.82% იყო.
| საინვესტიციო პორტფელი | ივლისის ამონაგები | 2026 წლის იანვარ-ივლისის ამონაგები | იანვარ-ივლისის რეალური ამონაგები |
|---|---|---|---|
| დინამიკური | -1.03% | 7.45% | 3.45% |
| დაბალანსებული | -0.27% | 7.18% | 3.20% |
| კონსერვატიული | +0.36% | 6.79% | 2.82% |
ბოლო ერთ წელში პორტფელის ზომა 2.5 მილიარდი ლარით გაიზარდა.
საპენსიო ფონდის აქტივები სამ განსხვავებულ პორტფელში არის განთავსებული, ესენია კონსერვატიული პორტფელი, სადაც თანხის 98.7% დევს (9.60 მლრდ ლარი), დაბალანსებული პორტფელი 55.3 მილიონი ლარით და დინამიკური პორტფელი 67.3 მილიონი ლარით. ამასთან, კონსერვატიულ პორტფელში ინახება სისტემის 1,557,876 მონაწილის საპენსიო დანაზოგი; დაბალანსებულ პორტფელში 5,162 მონაწილის, ხოლო დინამიკურ პორტფელში კი მხოლოდ 5,091 მონაწილის.
სისტემის ყველა მოქალაქის დანაზოგები ავტომატურად არის განთავსებული კონსერვატიულ პორტფელში, ხოლო დანარჩენ ორ პორტფელში თანხის გადატანა შესაძლებელია მოქალაქეთა პერსონალური არჩევანით, რომლის დაფიქსირებაც მათ საპენსიო ფონდის ოფისსა და იუსტიციის სახლში შეუძლიათ.
რაც შეეხება ამ პორტფელებს შორის სხვაობას - კონსერვატიულ პორტფელში დომინირებს ეროვნული ვალუტის აქტივები - ესაა ქართული ბანკების მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატები და სახაზინო ობლიგაციები, ხოლო თანხის 19.1% კი უცხოური ვალუტის აქტივებშია განთავსებული, რაც ძირითადად საერთაშორისო საფონდო ინდექსებს მოიცავს.
დაბალანსებულ პორტფელში ლარის აქტივების წილია 63%, დანარჩენი კი უცხოურ ვალუტაზე მოდის. დინამიურ პორტფელში კი ლარის აქტივების წილია 44.2%, დანარჩენი კი უცხოური ვალუტის აქტივებზე მოდის, სადაც ძირითადად საფონდო ინდექსები შედის. შესაბამისად, გლობალურ საფონდო ბაზარზე საპენსიო დანაზოგების ყველაზე დიდი წილი სწორედ დინამიურ პორტფელშია.
საქართველოში მოქმედი დაგროვებითი საპენსიო კანონმდებლობის თანახმად, ყველა დამსაქმებელი ვალდებულია მისი დასაქმებულები ჩართოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში. დასაქმებულთა ხელფასის 2%-ის ტოლი შენატანის კონტრიბუციის ვალდებულება აქვს დამსაქმებელს, ასევე 2% იხდება დასაქმებულის მიერ, ხოლო 2%-ს სახელმწიფო იღებს საშემოსავლო გადასახადიდან და საპენსიო ფონდში მიმართავს. შესაბამისად, მთლიანობაში ხელფასის 6%-ის ოდენობით თანხა ყოველთვიურად უნდა ირიცხებოდეს საპენსიო ფონდში, რასაც ფონდი თავის მხრივ საინვესტიციო ამონაგების სახით სარგებელს არიცხავს.




























