პარლამენტი დღეს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით განხილავს.
მოქმედი კანონით, დაბალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელიდან თანხის ჩადება შესაძლებელია მხოლოდ ფინანსურ აქტივებში, როგორიცაა - სახელმწიფო და კორპორაციული ობლიგაციები, დეპოზიტები, ფასიანი ქაღალდები და კორპორაციული აქციები.
ცვლილებების შემდეგ ჩამონათვალს დაემატება სხვა აქტივებიც, რომლებშიც თანხის ინვესტირება დაბალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელის მოცულობის 15%-ის ოდენობით იქნება შესაძლებელი. დღევანდელი აქტივების ოდენობას თუ ავიღებთ, გამოდის, რომ საპენსიო ფონდს მსგავს პროექტებში 700 მლნ ლარამდე ინვესტირება შეეძლება.
მომხსენებლის, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, არსებული პრაქტიკა, როცა საპენსიო ფონდის თანხის დიდი ნაწილი დეპოზიტებზეა განთავსებული არ წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას. საუკეთესო პრაქტიკა თანხის დივერსიფიცირებაა და სწორედ ამ გზით მიდის ახლა სააგენტოს (ცვლილებების შემდეგ ფონდი) რეფორმა.
"მინდა აღვნიშნო, რომ საპენსიო სააგენტო და საპენსიო ფონდი, არ არის არც ერთი პროექტის დამფინანსებელი და მე, მოვერიდებოდი ამ ტერმინის გამოყენებას იმ საქმიანობასთან და მანდატთან მიმართებით, რაც საპენსიო სააგენტოს აქვს. ერთადერთი ამოცანა და მიზანი საპენსიო სააგენტოსი არის აკუმულირებული თანხის ინვესტირება, მაქსიმალური ამონაგების მიღებ სქემის თითოეული მონაწილისთვის.
შესაბამისად, საუბარია იმაზე, როგორ უნდა მოხდეს ამ თანხის ინვესტირება. დღევანდელ პირობებში ძალიან მაღალი ოდენობა არის აკუმულირებული საბანკო დეპოზიტებში, რაც არ წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას. საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს სწორად დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი, რომელიც პასუხობს როგორც რისკების ნაწილში, ასევე მაქსიმალური ამონაგების მიღების ნაწილში იმ გამოცდილებას და პრაქტიკას, რომელიც არის ასეთი ფონდების მართვაში მიღებული. არცერთი ფონდი არ არსებობს არც საპენსიო, არც საინვესტიციო, რომელიც მხოლოდ დეპოზიტებზე ათავსებს. საუბარია ამ შემთხვევაში კაპიტალის ბაზრის ძალიან კონკრეტულ და ჩამოყალიბებულ ინსტრუმენტებზე.
როდესაც ვსაუბრობთ სესხზე, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ საპენსიო სააგენტოს მიეცეს მანდატი, გასცეს სესხი, როგორც ამას ბანკი აკეთებს. სესხის ინსტრუმენტი, რომელიც დაშვებულია, არის ე.წ ბონდი, რომელიც არის სავალო ფასიანი ქაღალდი, რომლის გამოშვებაც ძალიან მკაცრად რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ" - განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისივე თქმით, რისკის გადაზღვევა არ ნიშნავს იმას, რომ ხუთივე მილიონი ლარი იდოს საბანკო დეპოზიტზე.