მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იქნება კაპიტალის ბაზრის განვითარების შემდეგი ეტაპი? - ნადარეიშვილის პასუხი

ეკ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი მედიასთან აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტრო საპენსიო რეფორმის II სვეტის კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირებას გეგმავს - ამის შესახებ ნადარეიშვილმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარების გეგმას შეეხებოდა.

“კაპიტალის ბაზრის განვითარებას ძალიან ხანგრძლივი და დეტალური სამოქმედო გეგმა აქვს. წელს ახალ პროგრამას წარვადგენთ, რომელიც დაკავშირებული იქნება წილობრივი საინვესტიციო ფონდების ხელშეწყობასთან. ამასთანავე, მთავრობამ უკვე მოიწონა და პარლამენტში ამ დღეებში გადაიგზავნება საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებათა მორიგი პაკეტი, რომელიც, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საპენსიო ფონდის მმართველობით და ზედამხედველობით სტრუქტურას და, მეორე მხრივ, საპენსიო ფონდს, კაპიტალის ბაზარში ინვესტირების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან შესაძლებლობას მისცემს, რაც ამ ინსტიტუციას საქართველოს კაპიტალის ბაზრის მთავარ მოთამაშედ გადააქცევს, ძალიან სწრაფად მზარდი, გრძელვადიანი ლარის რესურსით”, - ამბობს ნადარეიშვილი.

მინისტრის მოადგილე დეტალების შესახებ არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ II სვეტის კანონმდებლობაში შესული ცვლილების თანახმად, საპენსიო სააგენტოს საქმიანობა სრულად ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაექვემდებარება. ნადარეიშვილი ასევე არ აკონკრეტებს, როდის დაიწყება აღნიშნული ცვლილებების განხილვები პარლამენტში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. მას შემდეგ, გაცემულ ხელფასებზე 2-პროცენტიანი შენატანები საპენსიო ფონდში ირიცხება და მოქალაქეთა პერსონალურ საპენსიო ანგარიშებზე ისახება.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის როლს, სებ-ი ამ დრომდე საპენსიო სააგენტოს მხოლოდ საინვესტიციო (და არა - ადმინისტრაციული) საქმიანობის რეგულირებასა და ზედამხედველობას ახორციელებს. ეროვნული ბანკი აგრეთვე ახორციელებს აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის ავტორიზაციას/აღიარებას და ზედამხედველობას უწევს მათ საქმიანობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები