მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპენსიო გასაცემლების ტენდერით რამდენიმე ბანკი ინტერესდება - სოციალური მომსახურების სააგენტო

61b746d5d4cad
ვიქტორია მღებრიშვილი
13.12.21 17:10
1000
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, საპენსიო გასაცემლების ტენდერით „ლიბერთი ბანკის“ გარდა, რამდენიმე ბანკი ინტერესდება. ამის შესახებ ლევან გოგოძემ BM.GE-ის მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საპენსიო გასაცემლების ტენდერის პირობებზე სპეციალურად შექმნილი საბჭო მუშაობს, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს და ამ ეტაპისთვის დაწყებულია ბაზრის მოკვლევა, რომელშიც ყველა კომერციული ბანკია ჩართული.

„საბჭოს წევრებმა დავამუშავეთ ეს საკითხები და, ფაქტობრივად, ბაზრის კვლევა გამოვაცხადეთ, რომელი ბანკი რა პირობას შემოგვთავაზებს და ამ პროცესში როგორც „ლიბერთი ბანკს“, ასევე სხვა ბანკებს მიეცემათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ ის პირობები, რომელიც მათ შეუძლიათ შესთავაზონ სახელმწიფოს და მოემსახურონ თითოეულ ბენეფიციარს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გათვლილი გვაქვს თითოეული ბენეფიციარისთვის რა ფორმატი იქნება. ინტერესი არის რამდენიმე ბანკიდან, სატელეფონო ზარიც იყო შემოსული, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ოფიციალური გზა აქვს მიცემული და როდესაც ბაზრის კვლევას დავასრულებთ და შემოთავაზებული გვექნება რამდენიმე პირობა, საბჭო შეიკრიბება და უმოკლეს ვადაში მიღებულ იქნება გადაწყვეტილება რა ფორმით უნდა გამოცხადდეს აღნიშნული მიმართულებით კონკურსი, რომელიც ჩვენი ბენეფიციარებისთვის უფრო მისაღები იქნება, რადგან ეს მათ ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს“, - განაცხადა ლევან გოგოძემ.

კითხვაზე - რომელმა ბანკებმა გამოხატეს ინტერესი და როდისთვის შეიძლება გამოცხადდეს ტენდერი, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა: „მე არ შემიძლია კონკრეტული თარიღი დავასახელო. ჩვენ ყველა ბანკს თანაბარი პირობა შევთავაზეთ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები