მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენ ადამიანს მოეხსნება შემწეობა? - რეკორდულად გაზრდილი სოცდაუცველი ოჯახების გადამოწმება იწყება

ხალხი

მთავრობა სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმებას იწყებს. მიზანი რეკორდულად გაზრდილი შემწეობის მიმღებთა შემცირებაა, რომელთა დახმარებაზეც ყოველ თვე ბიუჯეტიდან 71 მლნ ლარზე მეტი იხარჯება. ახლა უკვე მთავრობაშიც აღიარებენ, რომ ბაზაში რეგისტრირებულ 700 ათასზე მეტი ადამიანიდან ყველას სახელმწიფოს დახმარება არ სჭირდება.

ვის დაატოვებინებს შემწეობას სისტემა? გადამოწმების ერთ-ერთი კრიტერიუმი შემოსავალი იქნება. კერძოდ, გადამოწმდებიან ისინი, რომელთაც ბოლო 3 თვის განმავლობაში თვიურად 2000 ლარის შემოსავალი ჰქონდათ.

ჯანდაცვის მინისტრი ასახელებს მაგალითებს, როცა შემწეობის მიმღებ ოჯახებს რამდენიმე ასეული ათასის შემოსავალი ჰქონდათ, ძვირად ღირებული მანქანები იყიდეს. გამოდის, მთავრობაშიც აღიარებენ, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარება, ბოლო წლებში არც ისეთი მიზნობრივი იყო.

"სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამ მიზეზთა გამო იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად. ჩვენი მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც დღეისთვის, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

BMG-ის კითხვაზე გადამოწმების შედეგად ბიუჯეტიდან რამდენი დაიზოგება, მიმდინარე კვირის ბოლოს, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობას სურს პროგრამა უფრო მიზნობრივი გახდეს.

“ჩვენი თვითმიზანი არ გახლავთ რაიმე თანხის დაზოგვა ან არ დაზოგვა. ჩვენი მიზანია მაქსიმალური ეფექტიანობის მიღწევა, რათა თითოეული თეთრი ხმარდებოდეს იმ საჭიროებას, რისთვისაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული", - ამბობს მინისტრი.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2026 წლის იანვარში შემწეობის მიმღებთა რიცხვი 2 ათასით კიდეც გაიზარდა და ჯამში დახმარება 710 226 ადამიანმა მიიღო. აქედან 245 995 პირი დასაქმების სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა. სოცდაუცველთა დახმარებაზე ყოველ თვე ბიუჯეტიდან 71 მლნ ლარზე მეტი იხარჯება, მთლიანად სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი კი 1.6 მილიარდ ლარია.

"პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ დრო, ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რადგან ცალკე აღებული ერთი კრიტერიუმის მიხედვით შეფასება არ გამოგვივა. აქ შეგვიძლია ვისაუბროთ ვარაუდებზე, თუმცა ორნიშნა რომ იქნება ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც რეალურად დაუდგება ეს მომენტი, ვფიქრობ, ამაზე დამაჯერებლად შეგვიძლია ვისაუბროთ. ზუსტი პროგნოზის გაკეთებისგან უმჯობესია თავი შევიკავო", - განაცხადა სარჯველაძემ.

BMG-ის კითხვაზე გაიფლანგა თუ არა ათობით მილიონი ლარი იმ ადამიანებზე, რომელთაც დახმარება საერთოდ არ სჭირდებოდათ, ჯანდაცვის მინისტრი ასე გვპასუხობს:

“ზოგადად, ეს თანხმლებია მორატორიუმისთვის, ნებისმიერი შეჩერებული პროცესისთვის. ბუნებრივია, რომ გარკვეული სამართლებრივი შეფასება შეიძლება იგვიანებდეს. ამიტომ, დღეს უმჯობესია ვისაუბროთ იმაზე, რომ მიღებული ეს გადაწყვეტილება მართებულია თუ არა. ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად სწორი მიდგომა და გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება წარსულში უფრო მკაცრი ზომების მიღების შესაძლებლობას, ვფიქრობ, პანდემიის პერიოდსა და მის შემდგომ ეტაპზე მსგავსი სიმკაცრე გაუმართლებელი იქნებოდა", - ამბობს სარჯველაძე.

არადა, სოციალურად დაუცველების რეკორდული ზრდა პანდემიის შემდეგ დაიწყო, რადგან ამ პერიოდიდან გამოცხადდა ოჯახების გადამოწმებაზე მორატორიუმი. მორატორიუმის პირობებში შემწეობის მიმღებთა ბაზას ოჯახები მხოლოდ ემატებოდნენ და სისტემას არავინ ტოვებდა, რადგან სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების პროცესი გაჩერებული ჰქონდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო ათ წელში შემწეობის მიმღებთა რიცხვი 376 776-დან 706 550-მდე გაიზარდა.

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველები არჩევნებზე ხმების მისაღებად გამოიყენა.

"ეს სისტემა შექმნა "ქართულმა ოცნებამ" და შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ სისტემის არაეფექტურობაზე ეკისრება "ქართულ ოცნებას". მეორე, ეს სისტემა გამოიყენა "ქართულმა ოცნებამ" თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ორ ფაქტს მოვიშველიებ: ეს იყო ეგრეთ წოდებული "ქულის აწევა", როდესაც მეტ ადამიანს გაუჩნდა ხელმისაწვდომობა სოციალურ შემწეობაზე. ეს მოხდა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე და პირდაპირი ელექტორალური დანიშნულება ჰქონდა, რომ მეტი ადამიანის გული მოეგო "ქართულ ოცნებას". თუ დღეს ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბრჭყალებში ბევრი "შეძლებული" ადამიანი არის ბენეფიციარი, "ქართულმა ოცნებამ" მოახდინა ამ ადამიანების ჩართვა ამ სისტემაში მათი “მოსყიდვისათვის”. ძალიან ბევრი კვლევა არსებობს ამ თემაზე ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, რომელმაც მეცნიერულად აჩვენა, რომ ქართული სოციალური დახმარების სისტემა არ არის ეფექტიანი. ის ადამიანებს ტოვებს სიღარიბეში და საჭიროებს გადახედვას", - ამბობს ის.

პირველადი ანალიზით, სოციალური დახმარების მიმღებთა დაახლოებით 8% შეძლებულია - კობახიძე

მორატორიუმის გარდა, შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სახელმწიფო დასაქმების პროგრამამაც გაზარდა, რადგან მოსარგებლე ოჯახებს სახელმწიფო ოთხი წლით აღარ ამოწმებდა, რაც ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ მათ დაუცველის სტატუსი უნარჩუნდებოდათ. ახლა უკვე პატიმრობაში მყოფი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამაზე ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. 2026 წლიდან კი პროგრამა გაჩერდა. სარჯველაძე ამბობს, რომ პროგრამის მონაწილეებს სახელმწიფო მისცემს საშუალებას 4 წლიანი პერიოდი დაასრულონ, ახალი პირები კი აღარ დაემატებიან.

"ეს პროგრამა დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ხარვეზის მატარებელია იმიტომ, რომ რეგიონებში ნანახი მაქვს დაახლოებით 70%-ზე მეტი იღებს დახმარებას. ეს ნიშნავს, რომ ეს უბრალოდ ფულის დარიგებაა და არა მისამართულობა. ისიც ვიცი, რომ ბევრი ადამიანია ამ პროგრამაში მონაწილე, რომელსაც გაცილებით მეტი შემოსავალი აქვს და მას რთულად თუ ვუწოდებთ ღარიბს. მთავრობის ვალდებულებაა ამ ფულის ადმინისტრირება ისე მოახდინოს, რომ სამართლიანად მივიდეს ეს ფული მხოლოდ იმ ოჯახებამდე, რომელთაც რეალურად მხარდაჭერა სჭირდება", - ამბობს ჯანდაცვის სპეციალისტი ანდრია ურუშაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები