საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული საჯარიმო სანქციები ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი მცირე მეწარმეებისთვის, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება - ამის შესახებ BMG-სთან აუდიტორული კომპანია „ლინოს“ თანადამფუძნებელი, საგადასახადო ექსპერტი სალომე ოდიშარია საუბრობს.
მისი თქმით, გარკვეული სისტემურ ხარვეზები კეთილსინდისიერ გადამხდელებს აზარალებს.
როგორც ოდიშარია განმარტავს, პრობლემა 2025 წლის მაისიდან დაიწყო, როდესაც საშემოსავლო და საპენსიო დეკლარაციები სისტემურად, გაერთიანდა. სისტემა ყოველი თვის 15 რიცხვში ავტომატურად ადარებს დეკლარირებულ თანხასა და საპენსიო ბალანსზე არსებულ ნაშთს.
„თუნდაც ერთთეთრიანი სხვაობა რომ დაფიქსირდეს, სისტემა, ადამიანური ჩარევის გარეშე, ავტომატურად არიცხავს 500-ლარიან ჯარიმას, რომელიც ყოველ მომდევნო შემთხვევაში ორმაგდება და 1000 ლარს აღწევს.
500-ლარიანი ჯარიმის დაკისრება ხდება არა იმიტომ, რომ მეწარმე განზრახ არ იხდის შენატანს, არამედ, ეს, უმეტესწილად, გამოწვეულია ზუსტად ერთთეთრიანი ან ორთეთრიანი სხვაობით“, - განმარტავს სალომე ოდიშარია BMG-სთან.
მისივე თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მეწარმეებს 10, 15 ან 20 ათასლარიანი დავალიანება უგროვდებათ ისე, რომ ამის შესახებ ინფორმაციას SMS-ის ან მეილის სახით არ იღებენ.
საგადასახადო ექსპერტის ინფორმაციით, აქამდე, ჯარიმების გასაჩივრება მხოლოდ სასამართლო გზით იყო შესაძლებელი, რაც მცირე ბიზნესისთვის დიდ ხარჯებთან და დისკომფორტთან ასოცირდებოდა. საპენსიო სააგენტოში სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ამ საჩივრებს განიხილავს, ოდიშარიას შეფასებით, წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ბიუროკრატიული ბარიერები კვლავ რჩება - უნდა გადაიხედოს თავად ჯარიმის ოდენობა და დარიცხვის ლოგიკა.
„ჩვენი მთავარი წუხილია, რომ თავად ჯარიმის ოდენობა უნდა შემცირდეს ან სისტემის მიდგომა შეიცვალოს. ჯარიმა არის არალოგიკურად დიდი და არ შეესაბამება არანაირ ლოგიკას. საგადასახადო კოდექსშიც კი არ გვაქვს ამხელა ოდენობის ჯარიმები. აქ სამწუხაროდ, „იჭყლიტება“ ზუსტად ის კეთილსინდისიერი გადამხდელი, რომელსაც აქვს სურვილი, შეიტანოს თანხა, მაგრამ ერთთეთრიანი სხვაობის გამო მოსდის უზარმაზარი სანქცია“, - ამბობს სალომე ოდიშარია.
საპენსიო ფონდში მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებით სტრუქტურული ერთეული შეიქმნა, რომელიც შეისწავლის დამსაქმებელთა მიერ დასმულ საკითხებს. საუბარია ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებულ და აღსასრულებლად მიქცეულ ჯარიმებზე. დამსაქმებლებს, რომლებსაც სისტემური თუ ტექნიკური ხარვეზების გამო საპენსიო ჯარიმები დაერიცხათ, აქვთ შესაძლებლობა, ოფიციალური ფორმით საპენსიო ფონდს მიმართონ.
დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე კონტროლი გასულ წელს გამკაცრდა. 2025 წლის 1 მაისიდან დამსაქმებელი დარღვევისთვის პირველ ჯერზე 500 ლარით ჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით.




























