მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტომ 150 მლნ ლარი EBRD-ის მიერ გამოშვებულ ლარის ობლიგაციაში ჩადო

საპენსიო სააგენტო

საქართველოს საპენსიო სააგენტომ 150 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გლობალური საშუალოვადიანი ობლიგაციების (GMTN) პროგრამის ფარგლებში განთავსებულ ევროობლიგაციებში.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ამ ობლიგაციას მცურავი საპროცენტო განაკვეთი აქვს, ხოლო მისი ვადიანობა 5 წლით განისაზღვრა. სააგენტოს ინფორმაციითვე, EBRD-ის, როგორც უმაღლესი AAA შეფასების მქონე ფინანსური ინსტიტუტის ფასიან ქაღალდში ინვესტირება მთლიანად საპენსიო სააგენტოს პორტფელის ხარისხს ზრდის და აუმჯობესებს აქტივების დივერსიფიკაციას.

საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განაცხადა: „მოხარულები ვართ ამ ისტორიული ინვესტიციის წარმატებით დასრულებით. აღნიშნული ინვესტიცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საპენსიო აქტივების ხარისხს და ზრდის აქტივების დივერსიფიკაციას, რაც გრძელ ვადაში საპენსიო აქტივების მდგრადობას შეუწყობს ხელს. ამასთან, EBRD-თან მსგავსი ტიპის თანამშრომლობის დაწყება ხსნის კარებს სამომავლო შესაძლებლობებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას.”

„საპენსიო სააგენტოს მიერ ამ მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელება არის EBRD-ის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორ ქვეყნებში შეამციროს ადგილობრივი ეკონომიკების დამოკიდებულება უცხოური ვალუტის სესხებზე.” - განაცხადა EBRD-ის ხაზინის ასოცირებულმა დირექტორმა, აზიზ ჟურაევმა.

2024 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საპენსიო სააგენტო 1.4 მილიონი მოქალაქის 5,8 მილიარდი ლარის საპენსიო დანაზოგების პორტფელს მართავს. ამ აქტივების 80% ლარის ფინანსურ ინსტრუმენტებში (სადეპოზიტო სერტიფიკატები, სარგებლიანი ანგარიშები და ობლიგაციები), 20% კი უცხოური ვალუტის ინსტრუმენტებში, მათ შორის საერთაშორისო საფონდო ბირჟების ინდექსებში არის განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები