მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობას გიორგი ჭიჭინაძე შეასრულებს

64a2715fa9d4c
ნინო ტაბატაძე
03.07.23 10:56
1741
გიორგი დანელიას მიერ პოსტის დატოვების შემდეგ, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობას გიორგი ჭიჭინაძე შეასრულებს, რომელიც 2018 წლის 1-ელი ნოემბრიდან საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილეა. მანამდე ჭიჭინაძე ეკონომიკის სამინისტროში კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო. საპენსიო სააგენტოს ახლა ახალი დირექტორის მოძებნა კონკურსის გზით მოუწევს.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს დირექტორს სამეთვალყურეო საბჭო ირჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს კონკურსის წესით, 5 წლის ვადით. დირექტორი ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტოს საქმიანობას და წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში.

კანონის თანახმადვე, საკონკურსო განაცხადი უნდა გამოქვეყნდეს სულ მცირე 2 საინფორმაციო არხის მეშვეობით, არანაკლებ 10 კალენდარული დღის განმავლობაში. საპენსიო სააგენტოს დირექტორად შესაძლებელია დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესსამართლის დარგში და ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

საპენსიო სააგენტოს დირექტორად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად ან ფინანსური ინსტიტუტის მართვისთვის შეუფერებლად. აღსანიშნია, რომ საპენსიო სააგენტო ვადაზე ადრე უკვე მეორე დირექტორმა დატოვა. 2020 წლის 16 იანვარს დირექტორის თანამდებობა დატოვა ლევან სურგულაძემ, რომლის შემცვლელადაც კონკურსის გზით შეირჩა გიორგი დანელია.

დანელია 2020 წლის 15 დეკემბერს დაინიშნა „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორად. თანამდებობაზე დანიშვნიდან 2.5 წლის შემდეგ მან პოსტი დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, სადაც ამბობს, რომ საპენსიო სააგენტოში მისი მისია დასრულებულია და საბანკო სფეროში გადაინაცვლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები