საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატის გაფართოებისთვის საკანონმდებლო ცვლილებები განიხილება. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე იქნება წარდგენილი.
„ცვლილებებზე მუშაობა მიდის და არ მგონია, ძალიან მალე მოხდეს. ალბათ უფრო წლის მეოთხე კვარტლისკენ უნდა დავინახოთ ბოლომდე მიყვანილი ცვლილებები“, - ამბობს BMG -სთან საუბრისას საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე.
საუბარია საპენსიო სააგენტოსთვის საინვესტიციო მანდატის გაფართოებაზე, თუმცა არა - რისკიანობის ნაწილში. განიხილება გარკვეული საინვესტიციოდ მიმზიდველი კომპანიებისთვის მოთხოვნების შემსუბუქება, მათ შორის, საკრედიტო რეიტინგების მოთხოვნების და კონცენტრაციის ლიმიტებთან დაკავშირებით.
„ამ ცვლილებებით მეტი საშუალება მოგვეცემა, კარგი გაგებით, ბაზარზე მეტი აგრესულობა შევიძინოთ. სამუშაო პროცესს კიდევ რამდენიმე თვე კიდევ დასჭირდება“, - აცხადებს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო აქტივობისთვის კანონმდებლობის დახვეწის აუცილებლობაზე გასული წლის ნოემბერში „საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა“ და „საპენსიო სააგენტოს“ შეხვედრაზეc ისაუბრეს. მაშინ აღნიშნა, რომ ქართული კომპანიებისთვის მნიშნველოვანია ისეთ ინვესტორთან თანამშრომლობა, როგორიც „საპენსიო სააგენტოა“.
„ვფიქრობ, ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, შევცვალოთ კანონმდებლობა და მივცეთ მეტი თავისუფლება საპენსიო ფონდს, მის საინვესტიციო ბორდს, რათა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები, კონკრეტულ კომპანიებში ინვესტირებაზე. მთავარია, კომპანია იყოს მდგრადი და თუ საინვესტიციო ბორდი ჩათვლის, რომ ეს არის საინტერესო საინვესტიციოდ, ეს ინვესტიცია მან უნდა განახორციელოს“, - აცხადებდა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.