მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპენსიო სესხებზე განაკვეთი უნდა შემცირდეს და ბანკიც არ უნდა დაზიანდეს - ირაკლი კოვზანაძე

6169623dbda50
BM.GE
15.10.21 15:10
912
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის აზრით, ე.წ. საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შესამცირებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

ასე უპასუხა ირაკლი კოვზანაძემ BMG-ის კითხვას, რომელიც ე.წ. საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთების თემაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას შეეხებოდა.

„მე ადრეც ვთქვი, რომ ვალის ტვირთი არის მაღალი და ეს არის ჩემი დამოკიდებულება საპენსიო სესხებთან დაკავშირებით; ამასთან, იმის გამო, რომ ამ თემაზე მთელი რიგი გამოსვლები იყო, მათ შორის ოპოზიციის და უმრავლესობის მხრიდან, მე მიმაჩნდა, რომ ბანკი <ლიბერთი ბანკი> არ უნდა დაზიანებულიყო. მოკლედ, ორი მომენტია - მიმაჩნია, რომ საპროცენტო განაკვეთი უნდა შემცირდეს და მეორე - კომერციული ბანკი არ უნდა დაზიანდეს.

ამჟამად, როგორც იცით, ახალი ტენდერის პირობების მოსამზადებლად შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს და ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ განაკვეთი შემცირდეს“, - თქვა ირაკლი კოვზანაძემ.

Bm.ge-ის კითხვას - რამდენადაა მოსალოდნელი, რომ ე.წ. საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირების მიზნით, დაზღვევის კომპონენტის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯოს რესურსი, რადგან აღნიშნული პროდუქტი არაუზრუნველყოფილი სესხების კატეგორიაში გადის, ირაკლი კოვზანაძემ შემდეგი პასუხი გასცა:

„2022 წლის ბიუჯეტის პროექტის I ვარიანტში მე ამას <თანხას> ვერ ვხედავ; სახელმწიფო კომისია მუშაობს და დაველოდოთ შედეგს. კონკურენცია არის ყველაფრის წამალი... თუ რომელიმე სხვა ბანკს ექნება სურვილი ტენდერში ჩაერთოს, უნდა მიიღოს მონაწილეობა და მეორე - კიდევ ერთხელ ვიტყვი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სესხის პროცენტი შემცირდეს. ესაა ჩემი დამოკიდებულება“, - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები