მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სისტემის მონაწილეებს პროაქტიურად ვაწვდით ინფორმაციას - გოგა მელიქიძე

გოგა მელიქიძე

საპენსიო დანაზოგების პორტფელის შეცვლამდე ორი კვირა დარჩა. სისტემაში ჩართულ მოქალაქეებს პორტფელის ცვლილება 7 სექტემბრამდე რამდენიმე გზით შეუძლიათ. კერძოდ: პირადი ელექტრონული გვერდიდან - my.pensions.ge; ასევე შესაძლებელია მონაწილემ არჩევანი იუსტიციის სახლებიდან, ან საპენსიო სააგენტოს ოფისიდან განახორციელოს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეს საინვესტიციო პორტფელზე ხელახალი არჩევანის გაკეთება 12 თვის გასვლის შემდეგ ისევ შეეძლება. ამას 2018 წელს მიღებული კანონი ითვალისწინებს.

ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც წელს, 7 სექტემბრამდე თავად არ აირჩევენ სასურველ პორტფელს, ავტომატურად გადანაწილდებიან სხვადასხვა პორტფელში, ასაკის შესაბამისად. კერძოდ, გაწევრების მომენტისთვის:
• 40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები გადანაწილდება მზარდ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
• 40 წლიდან 50 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები − შერეულ (საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
• ხოლო 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები − სტაბილურ (ნაკლებად რისკიან) საინვესტიციო პორტფელში.

საპენსიო რეფორმის ამოქმედების შემდეგ, 5 წლის მანძილზე საპენსიო დანაზოგების ინვესტირება მხოლოდ ნაკლებრისკიან საინვესტიციო პორტფელში იყო შესაძლებელი. ახლა სქემას დაემატა მაღალრისკიანი და საშუალორისკიანი ინვესტირების შესაძლებლობები.

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე Bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ამ ეტაპზე 4 000-მდე ადამიანს აქვს გადაწყვეტილება მიღებული საპენსიო დანაზოგის საინვესტიციო პორტფელის ცვლილებაზე.

თუმცა სოციალურ ქსელებში მომხმარებლების ნაწილი წერს, რომ საპენსიო სააგენტოს ცხელ ხაზზე მუდმივად დაკავებაა, მათთან დაკავშირება ჭირს, ხოლო ოფისში რიგებია, რაც ართულებს პორტფელის ცვლილებას.

“პრეტენზიას ვერ გავიზიარებ, რადგან საიტზე სრული ინფორმაციაა თითოეულ საინვესტიციო პორტფელზე. ასევე არის დეტალური ინსტრუქცია. ცხელი ხაზიც საკმაოდ კარგად მუშაობს. მესმის, რომ ცხელ ხაზზე რიგებია და ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მონაწილეებს საკმაოდ პროაქტიურად ვაწვდით ინფორმაციას. თან მომსახურების გაწევა იუსტიციის სახლშიც ხდება. მონაწილეს თუ ტელეფონზე რიგში დგომა უწევს, ეგეც ნორმალურია. ინფორმაცია საკმარისადაა მიწოდებული და ის ვიდეო-ტუტორიალების სახითაც არის ხელმისაწვდომი. დაახლოებით 1.5 -საათიანი დეტალური მიმოხილვა გვიდევს საიტზე, როგორ მუშაობს საპენსიო რეფორმა, როგორ არიან სქემის მონაწილეები დაცულნი და ა.შ. ვცდილობდით, ყველა სახის ინფორმაცია მიგვეწოდებინა არა მხოლოდ წერილობით, არამედ ვიდეოს ფორმატითაც", - ამბობს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები