საქართველოს საპენსიო ფონდმა 2025 წლის მაისის მდგომარეობით ფონდის ზომის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, სისტემის მონაწილეთა რაოდენობაა 1,441,379, ხოლო ფონდის მთლიანი ზომა 6.9 მილიარდ ლარს შეადგენს. შესაბამისად, საპენსიო სისტემის საშუალო მონაწილის მიერ დაზოგილი თანხის მოცულობა 4,737 ლარს შეადგენს.
საპენსიო ფონდის ინფორმაციით, 6.9 მილიარდი ლარის პორტფელიდან 1.7 მილიარდი ლარი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობით მიღებულ ამონაგებს წარმოადგენს. საპენსიო ფონდის აქტივების ზომა გასული თვის განმავლობაში 200 მილიონ ლარზე მეტად გაიზარდა.
დაგროვებითი საპენსიო სისტემით დაზოგილ თანხებს მოქალაქეები საპენსიო ასაკის მიღწევისას, საბაზო სახელმწიფო პენსიებთან ერთად მიიღებენ, შესაბამისად, ეს მეორე საფეხურის პენსიებს წარმოადგენს. მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 65 წელს შეადგენს, ხოლო ქალებისთვის 60 წელს, შესაბამისად დაგროვებით სისტემაში კაცებს 5 წლით მეტი ხნის განმავლობაში უწევთ დაზოგვა ვიდრე ქალებს სანამ დაგროვებით პენსიას მიიღებენ.
არსებული მდგომარეობით, მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების 99%, ანუ 6.8 მილიარდი ლარი დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში არის განთავსებული. აღნიშნული პორტფელის 81.6% ქართული ლარის საინვესტიციო აქტივებში არის ინვესტირებული, 18.4% ანუ 1.26 მილიარდი ლარი კი უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული. ამ თანხიდან 1.15 მილიარდი ლარი საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე არის განთავსებული. რაც შეეხება ლარის აქტივებს, ის ძირითადად ქართული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში არის განთავსებული.
მოქალაქეებს იუსტიციის სახლში მიმართვით ან საპენსიო სააგენტოში მიმართვით საკუთარი საპენსიო დანაზოგის საინვესტიციო პორტფელის ცვლილება შეუძლიათ, თუმცა ამ შესაძლებლობით მხოლოდ 10 ათასმა ადამიანმა ისარგებლა.
მოქალაქეთა დანაზოგები ასე ნაწილდება:
- კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი - 1,431,405 მოქალაქე, 6,780,000,000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 4,737 ლარი;
- დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელი - 5,153 მოქალაქე, 39,100,000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 7,588 ლარი;
- დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი - 4,821 მოქალაქე, 40,100,000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 8,318 ლარი;
- ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი - 4,737 ლარი.
საქართველოში მოქმედი დაგროვებითი საპენსიო კანონმდებლობის თანახმად, ყველა დამსაქმებელი ვალდებულია მისი დასაქმებულები ჩართოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში. დასაქმებულთა ხელფასის 2%-ის ტოლი შენატანის კონტრიბუციის ვალდებულება აქვს დამსაქმებელს, ასევე 2% იხდება დასაქმებულის მიერ, ხოლო 2%-ს სახელმწიფო იღებს საშემოსავლო გადასახადიდან და საპენსიო ფონდში მიმართავს. შესაბამისად, მთლიანობაში ხელფასის 6%-ის ოდენობით თანხა ყოველთვიურად უნდა ირიცხებოდეს საპენსიო ფონდში, რასაც ფონდი თავის მხრივ საინვესტიციო ამონაგების სახით სარგებელს არიცხავს.