პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ ბექა ლილუაშვილის შეფასებით, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა, რომლის მომზადებას 15-20 წელი დასჭირდა, დღეს უზარმაზარი საფრთხის წინაშე დგას.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საპენსიო სისტემის მართვის სტრუქტურის შეცვლის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის კომენტირებისას განაცხადა.
დეპუტატი განსაკუთრებით აკრიტიკებს, “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონიდან 29-ე მუხლის საერთოდ ამოღებას, სადაც ეწერა, რომ 2025 წლიდან საპენსიო სქემის ბენეფიციარებს ეძლეოდათ უფლება, თავიანთი საპენსიო დანაზოგები აქტივების მმართველ კერძო კომპანიებში გადაეტანათ.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ძალიან მცირე ნაწილი თუ გამოიყენებდა სხვა აქტივების მმართველის არჩევის უფლებამოსილებას და ასევე, საპენსიო აქტივები ერთი მმართველობითი ორგანოს ქვეშ უფრო დაცული იქნება.
ბექა ლილუაშვილს მიაჩნია, რომ საპენსიო ფონდი დიდი რეპუტაციული რისკის ქვეშაა, ამიტომაც მთავრობა ცდილობს, 29-ე მუხლის ამოღებით, შეაჩეროს საპენსიო ფონდიდან დანაზოგების აქტივების მმართველ კერძო კომპანიებში გადინება.
„ეკონომიკის სამინისტროს არგუმენტი არის სისულელე - ამბობენ, დანაზოგების დივერსიფიცირება რისკებს ზრდიდაო, მაშინ როდესაც სინამდვილეში რისკების მართვის თეორიაში დივერსიფიკაცია რისკისგან თავის დაცვის საშუალება. ფაქტია, საპენსიო ფონდს უზარმაზარი რეპუტაციული რისკი უჩნდება და უბრალოდ, ყველა გაიქცეოდა, რითაც ინტერესი, რაც ჩადებულია აკუმულირებული ფონდის მიმართ, აზრს დაკარგავდა, რადგან მოქალაქეები ამ თანხებს კომერციულ სტრუქტურებში გადაიტანდნენ; ამიტომ ამოქოლეს უკანა კარი. სხვა ახსნა არ აქვს. თან თავად ამბობენ, სხვა ქვეყნებშიც დაბალია კერძო აქტივების მმართველ კომპანიებში დანაზოგების გადატანაო - თუ ასეა, მით უმეტეს, რატომ ართმევენ მოქალაქეებს, საპენსიო სქემის მონაწილეებს არჩევანის უფლებას?!“, - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
დეპუტატი კრიტიკულად აფასებს საპენსიო სისტემის მართვის სტრუქტურის შეცვლის იმ ნაწილსაც, რომლის თანახმად, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოები ერთიანდება და ერქმევა „მმართველობითი საბჭო“.
„დღეს, საინვესტიციო საბჭოში არიან უცხოელი, საერთაშორისო დონის ექსპერტები, რომლებიც მინიმალურად არიან მოწყვლადები შიდა პოლიტიკური გავლენებისგან. ასეთი ფილტრი მაშინ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ჩავდეთ კანონში. ასევე, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის დაცვის დამატებითი მექანიზმი იყო თავად ზედამხედველი - საქართველოს ეროვნული ბანკი, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს სებ-ის დამოუკიდებლობა არ არსებობს“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
საპენსიო სააგენტოზე ეროვნული ბანკის ზედამხედველობა იზრდება - კანონპროექტი