პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ბექა ლილუაშვილის აზრით, 2025 წლიდან თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდით, რეალურად, კორუფციის დაცვა ხდება. ასე უპასუხა დეპუტატმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას - რატომ არ დაუჭირეს ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატებმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც დაჩქარებული წესით პარლამენტმა მიმდინარე კვირაში დაამტკიცა.
2025 წლიდან პრემიერის, მინისტრების და სხვა თანამდებობის პირების ხელფასები მკვეთრად გაიზრდება
"საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათგან - 70 ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ; თანამდებობების პირებისთვის ხელფასების ზრდას მხარი დაუჭირა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ 8 დეპუტატმა, „ევროპელი სოციალისტებიდან“ კი - ორმა პარლამენტარმა.
ბექა ლილუაშვილის აზრით, პრემიერ-მინისტრის ხელფასი, რომელიც ახლა თვეში 3,416 ლარია, ადეკვატური არაა, მაგრამ ფიქრობს, რომ „ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანი საჯარო სამსახურში ანაზღაურების სისტემის რეფორმა არაა.
„რა თქმა უნდა, 3416 ლარი არ არის ადეკვატური გასამრჯელო პრემიერ-მინისტრისთვის, მაგრამ მე კითხვას სხვანაირად დავსვამდი - ამდენი ხანი რომ ეს ხელფასი იყო და ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ადეკვატური არაა, ამდენი დაუსაბუთებელი ქონება საიდან დააგროვეს თანამდებობის პირებმა?!
სინამდვილეში, ამ ცვლილებით ძალიან ცხადი გახდა, რომ რეალურად კორუფციის დაცვა ხდება და გეტყვით, რას ვგულისხმობ - ძალიან დაიღალნენ არითმეტიკით, როგორ ახერხებენ პრემიერი თუ სხვა თანამდებობის პირები 4000-5000-ლარიანი ხელფასით მდიდრულ ცხოვრებას; სინამდვილეში, ეს არის ამ ცვლილების მთავარი ამოსავალი წერტილი, რადგან შავ ბუღალტერიასაც აქვს დიდი რისკები და სახელისუფლებო პარტიამ გადაწყვიტა, ეს შავი ბუღალტერიის რისკები ისევ სახელმწიფო ბიუჯეტის და ხალხის ხარჯზე დააბალანსოს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი არის კორუფციის დაცვა - კითხვის ნიშნები, რომელიც ჩნდება დაუსაბუთებელი ქონების ნაწილში, ბევრად უფრო მძაფრია დაბალი ანაზღაურების პირობებში, ვიდრე გაზრდილი ხელფასების პირობებში იქნება“, - განმარტა ბექა ლილუაშვილმა და იქვე დასძინა, რომ საჯარო სამსახური სისტემურ რეფორმებს საჭიროებს, მათ შორის, შრომის ანაზღაურების მიმართულებით.
„წერტილთან“ ინტერვიუში დეპუტატმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების გაზრდის საჭიროებასა და დასაქმებულთა რაოდენობის ოპტიმიზაციის ე.წ. სინგაპურულ მოდელზე, რომელზედაც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მუშაობდნენ. „კონცეფცია არსებობდა, მაგრამ შემდეგ სად წავიდა, არ ვიცი“, - თქვა მან.
„საჯარო სექტორში "სინგაპურის მოდელი" უნდა დაინერგოს“ - რისთვის იყო მზად გახარიას მთავრობა?
ბექა ლილუაშვილის განმარტებით, „სინგაპურის მოდელი“ ნიშნავს იმას, რომ იღებ კერძო სექტორის მიზნობრივ ინდიკატორებს, საშუალო ხელფასების ბაზას მოწინავე სექტორებში და ცდილობ, გარკვეული დროის განმავლობაში, ამ ხელფასების ნიშნულთან გაათანაბრო საჯარო მოსამსახურის ხელფასი.
"შეუძლებელია, ეფექტიან ბიუროკრატიაზე ისაუბრო და განათლებული, კვალიფიციური პირების დეფიციტი გქონდეს საჯარო სამსახურში იმის გამო, რომ არაკონკურენტული ხელფასები გაქვს. მაგალითად, საჯარო სექტორში პროგრამისტების, IT სპეციალისტების დასაქმებისას ყოველთვის გვიწევდა გარკვეული გამონაკლისების დანიშვნა, რადგან შეუძლებელი იყო, სტანდარტული, საჯარო სამსახურში არსებული ხელფასით ამ პროფესიების ადამიანების მოზიდვა“, - თქვა ბექა ლილუაშვილმა.
„წერტილთან“ ინტერვიუში დეპუტატმა და ყოფილი პრემიერის ეკონომიკურმა მრჩეველმა ისიც აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების რეფორმის კონცეფციაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც საქმის კურსში იყვნენ.
„ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, კონცეფცია შეთანხმებული იყო მსოფლიო ბანკთან, ფისკალური პარამეტრებით თვალსაზრისით - საერთაშორისო სავალუტო ფონდთან... კონცეფცია არსებობდა მათ შორის ფურცელზე დაწერილი, მაგრამ სად წავიდა, არ ვიცი“, - თქვა ბექა ლილუაშვილმა.