“რატომ გაქრა საქართველოში ევროპულ ინვესტიციებსა და სტრატეგიულ პროექტებს შორის მკაფიო ბმა და რატომ გახდა ჩინეთი ამ ინვესტიციების ალტერნატიული წყარო?” - ამ საკითხზე საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი საუბრობს.
“ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ემსახურება სინამდვილეში იმას, რომ საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა და განცდა, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღიარებული, შეთანხმებული გარანტია არა დასავლეთი და აქამდე არსებული სტრატეგიული პარტნიორები, არამედ, გარკვეული კონტექსტით, ჩინეთიცაა”, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
დეპუტატის განმარტებით, ამ კონტექსტს ამტკიცებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ პასუხგაუცემელი სადეპუტატო კითხვებიც.
“ამ კონტექსტს ქმნის ის, რომ 300 დღეზე მეტია ვადაგადაცილება ჩემ მიერ ეკონომიკის სამინისტროსთან სადეპუტატო კითხვით მიმართვაზე, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად?! პირდაპირი რეისების დანიშვნისთვის, ამ პროცესში ამ პარტნიორობს შედეგად სარგებლის მიღებისთვის… 300 დღეზე მეტია პასუხი არ არის.
რა თქმა უნდა, ამ კონტექსტს ქმნის საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც, საერთო ჯამში, ქმნის მოცემულობას და აღქმებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არასათანადოდ ხორციელდება ის ნაბიჯები, რომლებსაც უკვე უნდა მოეტანა კანდიდატის სტატუსი”, - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.