მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპროტესტო აქციებზე მიზანმიმართულად 77 ჟურნალისტს გაუსწორდნენ - მედიაომბუდსმენი საგამოძიებოს კიდევ ერთხელ მიმართავს

ცემა

მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, 28 ნოემბრის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე, სახელმწიფოს წარმომადგენლები ამ დროისთვის მიზანმიმართულად გაუსწორდნენ 77 ჟურნალისტს.

"სახელმწიფოს წარმომადგენლები აქციის დაშლისას სასტიკ მეთოდებს იყენებდნენ - დაშავებულია არაერთი ჟურნალისტი და ოპერატორი", - ნათქვამია მედიაომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"გასული დღეების განმავლობაში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად გაუსწორდნენ არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს. სახელმწიფოს წარმომადგენლები არბევდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, დევნიდნენ მათ პროფესიული საქმიანობის გამო და ხელს უშლიდნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში", - აღნიშნავენ აპარატში. მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით დაშავებულ ჟურნალისტებს შორის არიან:

  1. გურამ როგავა, “ტელეკომპანია ფორმულა” — ნიღბიანი სპეცრაზმელი თავს დაესხა გურამ როგავას, რომელიც ახორციელებდა ჟურნალისტური საქმიანობას, თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო;
  2. ალექსანდრე ქეშელაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” — ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა. მიყენებული დაზიანების გამო გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში;
  3. დავით ცაგარელი, ონლაინგამოცემა “რადიო თავისუფლება” — დავით ცაგარელს ჟურნალისტური საქმიანობის განხორცილებისას თავს დაესხა სპეცრაზმელი, რომელმაც ჟურნალისტს მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო;
  4. მარიამ ნიკურაძე, ონლაინგამოცემა “OC Media” — მარიამ ნიკურაძე ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას რა დროსაც მის მიმართ მიზანმიმართულად გამოიყენეს წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი. დაუზიანდა კამერა;
  5. ნანუკა ქაჯაია, “ტელეკომპანია პირველი” — წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს;
  6. დავით ბიჭიკაშვილი, “ტელეკომპანია პირველი” - წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს;
  7. გიორგი შეწირული, “ტელეკომპანია პირველი” - გიორგი შეწირული რამდენიმე სპეცრაზმელმა წააქცია და ფიზიკურად გაუსწორდენენ.
  8. ანა მდივანი, “ტელეკომპანია პირველი” — ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი, რის გამოც დასჭირდა სასწრაფო დახმარება.
  9. ნიკო კოკაია, “ტელეკომპანია პირველი”— ნიკო კოკაია სპეცრაზმელთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ორჯერ გახდა, მას სპეცრაზმმა ახლო მანძილიდან, სახეში, დამიზნებით წიწაკის სპრეი შეასხა. ოპერატორს დასჭირდა სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება, რადგან ვერ გადაადგილდებოდა.
  10. გივი ავალიანი, ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთი” “ბათუმელები” —პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;
  11. ნათია ამირანაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” — ნათია ამირანაშვილს სპეცრაზმის წარმომადგენელმა არ მისცა გადაღების საშუალება, ცდილობდა ფეხის დარტყმით დაემტვრია ძირს დავარდნილი მობილური ტელეფონი.
  12. გიორგი გოგუა, “პროექტი 64” — პოლიციამ “პროექტ 64-ის” რედაქტორს, გიორგი გოგუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყანა, პოლიციელები გოგუას ფეხებს ურტყამდნენ.
  13. ირაკლი მანაგაძე, ონლაინგამოცემა” ექსპრესნიუსი” — ჟურნალისტს სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;
  14. დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი - გავრცლებული ინფორმაციით, ოპერატორმა გადაღებისას მიიიღო დაზიანება;
  15. დეა მამისეიშვილი, “მთავარი არხი” - დაშავდა აქციის გაშუქებისას;
  16. გიორგი გოგინაშვილი, “მთავარი არხი”- დაშავდა აქციის გაშუქებისას;
  17. იულია კალაბანო - JAMnews-ის ფოტორეპორტიორი, - სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაარტყეს წიხლი;
  18. მინდია გაბაძე - ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს;
  19. ნინო წვერავა, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან სპეცრაზმელების გადაღების დროს;
  20. ნინო შუბითიძე, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალის სამართალდამცველებმა ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და დაშავდა წიწაკის სპრეისგან, არაერთხელ;

განახლება 1:

21. ქეთა ციცქიშვილი, “მთავარი არხის” ჟურნალისტსა და ოპერატორს - ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს სიტყვიერი შეურცახყოფა;

22. დავით კობიძე, “მთავარი არხი” - ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში

23. ლუკა ბაჩილავა “მთავარი არხი” - ოპერატორს ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში;

24. გიორგი კვიჟინაძე, “ფორმულა” - არაერთხელ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა;

25. თედო ქვაჩახია “ფორმულა” - ოპერატორს ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში;

26. ხატია სამხარაძე, “ფორმულა” - დაშავდა წიწაკის სპრეით;

27. ბასტი მგალობლიშვილი, “პუბლიკა” - მას მუშაობაში ხელი არაერთხელ შეუშალეს. „პუბლიკას“ ინფორმაციით, მას რამდენჯერმე კრეს და დაარტყეს ხელი;

28. სალომე ჩადუნელი, “რადიო თავისუფლება” - დაშავდა აქციის გაშუქებისას, ქაშვეთთან. ფეხი აქვს ნაღრძობი;

29. ილია რატიანი “რადიო თავისუფლება” - ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში;

30. ზუკა ხიდაშელი, “რადიო თავისუფლება” - ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში;

31. გიორგი ბარამიძე, „სტუდია მონიტორი“ ოპერატორი - პოლიციამ წიხლი ჩაარტყა;

32. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი - დაშავდა წყლის ჭავლით.

33. ნინო ლორჩოშვილი, „აჭარის ტელევიზია და რადიო”, ჟურნალისტი - დაშავდა აქციის გაშუქებისას; 34. ტბელ აბუსერიძე, ფოტოგრაფი - დაშავდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას.

35. გერმანელი ჟურნალისტი - დაშავდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ფოტოში ჩანს, რომ მას დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.

განახლება 2:

36. მარიამ გაფრინდაშვილი - “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტი რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს მძიმედ დაშავდა "ტვ პირველის" ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, რასაც დაპირისპირება მოყვა. კადრებში, რომლის გადაღებაც "ტვ პირველის" ოპერატორმა მოასწრო, ჩანს, რომ მარიამ გაფრინდაშვილი მიწაზე ეცემა. ჟურნალისტს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. მარიამ გაფრინდაშვილი გადაყვანილია ინგოროყვას კლინიკაში;

37. პაპუნა ხაჩიძე - “ტელეკომპანია პირველის” ოპერატორს არ მიეცა მუშაობის შესაძლებლობა რუსთაველის გამზირზე. ის ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილთან ერთად ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას;

38. აკა ზარქუა, RealPolitika • რეალპოლიტიკას რედაქტორი 10-მა სპეცრაზმელმა ცემა, მიაყენეს შეურაცხყოფა, აიძულებდნენ საკუთარი პრესკარტა შეეჭამა, ხოლო ბოლოს, ჩანთა გაუხსნეს, საიდანაც სათვალე და აირწინაღი მოპარეს;

39. ანა მსხალაძე ონალინგამოცემა “პუბლიკას“ ჟურნალისტი. სპეცრაზმელმა ანა მსხალაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაარტყა და ტელეფონი წაართვა. ანა მსხალაძე ამბობს, რომ ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილდებოდა და სპეცრაზმის მიერ მოქალაქეების ძალადობრივად დაკავებას იღებდა, რა დროსაც სპეცრაზმელმა მას ტელეფონი დააგდებინა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა სპეცრაზმელს უთხრა, რომ ის იყო ჟურნალისტი და ტელეფონის ასაღებად დაიხარა, მას თავში ჩაარტყეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მისი ტელეფონი აიღეს და გაიქცნენ. ანა მსხალაძეს ფიზიკური დაზიანებები არ მიუღია. დაკარგულია მისი ტელეფონი, რომლითაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა:

40. გიორგი გამგებელი, ფოტოგრაფი - პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ფოტოგრაფ გიორგი გამგებელს. ის სახისა და ფეხის არეშიდაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გიორგი გამგებელს წაართვეს და დაუმტვრიეს აპარატურა, რომლითაც ის მუშაობდა;

41. გიორგი კვიჟინაძე - “ფორმულას” ინფორმაციით, სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტს, გიორგი კვიჟინაძეს;

42. ტექნიკა დაუზიანდა ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს, რომელიც ბათუმში მიმდინარე აქციას აშუქებდა. ამის შესახებ “ფორმულას” ჟურნალისტმა თამარ თედიაშვილმაპირდაპირი ჩართვისას თქვა. ჟურნალისტმა აღნიშნა ისიც, რომ აქციაზე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა და პოლიციის მანქანაში ჩატენა ფოტოგრაფი.

განახლება 3:

1 დეკემბერს ღამით აქციაზე, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა:

43. გიორგი შეწირული “ტელეკომპანია პირველის” ოპერატორი 2024 წლის 01 დეკემბერს ღამის საათებში რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების კიდევ ერთხელ დაშავდა სპეც დანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეთა მიმართ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, რასაც მოყვა დაპირისპირება. ტელეკომპანია პირველის კამერამ დააფიქსირა ორ მამაკაცს როგორ გადაჰყავს დაშავებული ოპერატორი სასწრაფო სამედიცინო მანქანისკენ დახმარების აღმოსაჩენად;

44. ირაკლი გედენიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტორეპორტიორი. მას, სავარაუდოდ, პიროტექნიკა მოხვდა ფეხის არეში. ფოტორეპორტიორს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა და მუშაობა გააგრძელა;

45. გურანდა ბილიხოძე - POSTV-ს ჟურნალისტი, რომელსაც, სავარაუდოდ, სპეცრაზმის მხრიდან გასროლილი გაზის კაფსულა მოხვდა.

46. აქციის გადაღებისას დაშავდა ტელეკომპანია „ფორმულას" ოპერატორი. ამის შესახებ „მთავარი არხის" ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში თქვა.

47. ბექა ბერაძე - ნაცემია “რადიო თავისუფლების” პროდიუსერი, ის სპეცრაზმმა 1 დეკემბერს ღამით საპროტესტო აქციის მახლობლად დააკავა. ის ახლა საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორშია. პროდიუსერი უკვე მოინახულა “მედიაომბუდსმენის” იურისტმა ჯანო ჭკადუამ. იურისტის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა შეიტყვეს, რომ ბექა ბერაძე “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი იყო, მის მიმართ უფრო აგრესიულები გახდნენ. ის ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ სხვა დაკავებულებთან ერთად შეაგდეს მინივენში, სადაც მას კიდევ ერთი საათის განმავლობაში სცემდნენ. პოლიცია ბექა ბერაძეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. “რადიო თავისუფლებას” აქვს ვიდეომასალა, რომელშიც ახალგაზრდა კაცი პოლიციელებს ეკითხება, თუ კონკრეტულად რაში არ დაემორჩილა მათ. “რადიო თავისუფლება” თანამშრომელს ღამის 3:00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.

48. ნიკოლოზ თაბუკაშვილი, ფოტოგრაფი - ამჟამად ზესტაფონშია გადაყვანილი.

განახლება 4:

49. ნიკოლოზ კოკაია და მარიამ მაკასარაშვილი - 2024 წლის 02 დეკემბერს ღამის საათებში რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას კიდევ ერთხელ დაშავდა „ტელეკომპანია პირველი“ ოპერატორი ნიკოლოზ კოკაია და ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი. სპეც დანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეთა მიმართ გამოიყენა არაპროპორციული ძალა. გადამღებ ჯგუფს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები თავდასხმის მიზნით აეკიდნენ და ხელი შუშალეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში. ტელეკომპანია პირველის გადამღები ჯგუფი გახდა სამიზნე ობიექტი მას შემდეგ რაც სპეცდანიშნულების რაზმმა დაინახა რომ ისინი იღებდნენ განვითარებულ ძალადობრივ მოქმედებებს. ასევე, მაუწყებლის თანამშრომლების წინააღმდეგ უკანონოდ გამოიყენეს დიდი რაოდენობით გაზი, რის გამოც სამედიცინო დახმარება გახდა საჭირო;

50. გიორგი ნერგაძე "რუსთავი 2-ის" ოპერატორს საქმიანობის შეწყვეტა მოუწია. როგორც მაუწყებელი აცხადებს, მან აქციაზე გაშვებული გაზი შეისუნთქა და პირველადი დახმარება დასჭირდა;

51.თამთა ჩიტიშვილი - "რუსთვის 2-ის" ჟურნალისტი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს დაშავდა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შესაძლოა, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. თამთა ჩიტიშვილს ფეხის არეში ჭრილობა აღენიშნება;

52.OC Media წარმომადგენელს, ფოტოგრაფ მარიამ ნიკურაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს კიდევ ერთხელ შეუშალეს ხელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. ჟურნალისტის დაკავების მცდელობისას დაუზიანეს ფოტოკამერა.

განახლება 5:

53. გიორგი ბასხაჯაური, ჟურნალისტი - გავრცელებული მასალით დასტურდება, რომ „მედია აპრილის“ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი თავს დაესხა. „ბასხაჯაური ჭავჭავაძეზე აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა, როცა ერთ-ერთ ჩიხში მას მუშაობაში ხელი შეუშალეს, ტელეფონის ჩამორთმევა სცადეს და დაედევნენ.“

54. მირიან მელაძე, ფოტორეპორტიორი - მელაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე დაშავებული ფეხის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეს ფაქტი სამი დღის წინ მოხდა;

55.ჟურნალისტი თეო ხუბულავა, ოპერატორები ლევან ქართველიშვილი და ბადრი გამრეკლაშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე პოლიციის მიერ გაზის კაფსულის გამოყენების შედეგად საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი დაშავდა. სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფოს მედიკოსებმა აღმოუჩინეს;

56. თედო ქვაჩახია - აქციაზე მხუთავი აირის გამო „ფორმულას“ ოპერატორი, თედო ქვაჩახია დაშავდა.

განახლება 5:

57. ბესო გაფრინდაშვილი - ”პირველი არხის" ცნობით „ბესო გაფრინდაშვილს სასწრაფოს ექიმებმა ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება, თუმცა, დამატებითი კვლევისთვის ის კლინიკაში გადაიყვანეს. ოპერატორს ხელი აქვს დაზიანებული.” რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას, პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს პიროტექნიკით დაშავდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი

განახლება 6:

58. მინდია გაბაძე, ჟურნალისტი - გამოცემა „პუბლიკა“ 06 დეკემბერს, თბილისში, „ცისფერ გალერეასთან საპროტესტო აქციის გაშუქების დროს „პუბლიკას" ჟურნალისტ მინდია გაბაძეს „ქართული ოცნების" „ტიტუშკა" ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციას მოძალადე არ დაუკავებია და შემთხვევის ადგილზე რეაგირება არ მოუხდენია;

59. ნათია ამირანაშვილი - - პოლიციამ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა იმ დროს, როცა აქციის მონაწილეების დაკავების გადაღებას ცდილობდა. ჟურნალისტისთვის ეცადნენ ტელეფონის წართმევასაც.

60. ბასტი მგალობლიშვილი - პოლიციამ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა იმ დროს, როცა აქციის მონაწილეების დაკავების გადაღებას ცდილობდა.

61. ნანუკა ქაჯაია, ჟურნალისტი, 4 დეკემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან" კრიმინალურმა პოლიციამ იძალადეს ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიაზე, რომელიც მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა.“

62. პაპუნა ხაჩიძე ოპერატორი - „ტელეკომპანია პირველი“ 4 დეკემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან" კრიმინალურმა პოლიციამ ტელეკომპანიის კამერა დაამტვრია.

63. თედო ქვაჩახია, ოპერატორი - დაშავდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას დაზიანებები თავის არეში ჰქონდა. ქვაჩახია კლინიკაში გადაიყვანეს ტვინის შერყევის დიაგნოზით.

64. ლუკა ტყებუჩავა, ჟურნალისტი, “ფორმულა” აქციის გადაღების პროცესში, ტყებუჩავას გაზის ორი ყუმბარა მოხვდა;

65. მიშო მარტაშვილი, ოპერატორი - აქციის გადაღების პროცესში გაზის ყუმბარა ესროლეს, თუმცა დაზიანებას გადაურჩა;

66.ბექა ყორშია - პოლიციამ “მთავარი არხის” ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია ადმინისტრაციული წესით დააკავა. ის სანზონაში, პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

67.დეა მამიდეიშვილი - “მთავარი არხის” ჟურნალისტს, დეა მამისეიშვილს სპეცრაზმელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გაურკვეველი ნივთი ესროლა

68.გიორგი ჩაგელიშვილი, ჟურნალისტი - „მაუწყებელი“ 02 დეკემბერს, რუსთაველის მეტროში მოქალაქეების დარბევის დროს გამოცემის ჟურნალისტი, გიორგი ჩაგელიშვილი დაიჭირეს. „პუბლიკას მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ჩაგელიშვილი საპოლიციო ძალებს მიუთითებდა, რომ ჟურნალისტია, თუმცა მას ჩანთა გაუჩხრიკეს და დააპატიმრეს.

69. ნატალი ჩხარტიშვილი - “ჩაიხანა” ჟურნალისტი აქციის გაშუქებისას, შსს-ს ძალებმა ხელი შეუშალეს მუშაობაში, მას ხელიდან გააგდებინეს Handycam–ი. მოგვიანებით, მას ასევე უყვიროდნენ,რომ გამოერთო კამერა. ჩხარტიშვილის მიერ გადაღებულ მეორე ვიდეოში ჩანს, სხვა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაც.

70. ბაქარ ყვავაძე - JRC ოპერატორი „მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, ყვავაძეს გაზის კაფსულა წვივში მოხვდა.

71. ვანო გორგიშვილი, ფოტოგრაფი “ინტერნიუსი” - პირად გვერდზე 2 დეკემბერს დაწერა, რომ „30 ნოემბრის დილის 2-3 სთ-ზე მერიოტთან შეჯგუფებულ მედიას წყლის ჭავლი მოგვიშვეს. რამდენიმე კაცმა გასწრება ვცადეთ და მაშინ გვესროლეს რეზინის ტყვიები. მირიანს [მელაძე] 4 მოხვდა. მე, საბედნიეროდ, 1 პატარა და მუხლთან“. ფოტოგრაფმა გამოაქვეყნა ფოტოც.

72. ფიოდორ ხუდოკორმოვი, რუსი ჟურნალისტი - Paper Kartuli-ის ინფორმაციით, ჭიჭინაძის ქუჩაზე, როცა სპეცრაზმი მომიტინგეებს აწვებოდა, ნიღბიანმა მამაკაცმა, სავარაუდოდ ძალოვანმა, მას ხელი ჰკრა;

73. მარიამ მაზიაშვილი, ჟურნალისტი “პალიტრანიუსი” - ჟურნალისტი ამბობს, რომ სპეცრაზმელმა ტელეფონი დაუმტვრია. „ვიღებდი და ნუ გვიღებო, ტელეფონი დამიგდო დაბლა. პრესკარტა მიკეთია, იცოდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი.“

74. TOK TV - გადამღებ ჯგუფს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა საქმიანობაში ხელი შეუშალეს და დაკავებაც სცადეს;

75. სალომე ბოკუჩავა, ჟურნალისტი, “ფორმულა” - ჟურნალისტს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ შავებში ჩაცმულმა სამართალდამცველმა, რომელსაც შესაბამისი აღმნიშვნელი ატრიბუტიკა არ ჰქონდა, ხელი ჰკრა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა.

76. მაკა ჩიხლაძე - ბესიკის ქუჩის ოთხ ნომერში, "შააბათის ეთერის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს ტიტუშკები თავს დაესხნან.

77. გიორგი შეწირული - ნიღბიანები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეოპერატორ გიორგი შეწირულს. მას თავის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნება. გატაცებულია "ტვ პირველის" სამაუწყებლო აპარატურა.

თითოეულ ფაქტთან, დაკავშირებით მივმართეთ “სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს”, რომელსაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ:

  • დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება;
  • საქმეებს მიენიჭოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი) და დევნის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი) კვალიფიკაცია;
  • აწარმოოს ეფექტიანი და დროული გამოძიება;
  • ჟურნალისტების საქმეები არ გააერთიანოს სხვა დაზარალებულების საქმეებთან.

მედიაომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ დღეს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ნაცვლად, გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლა გვიწევს.

"10 დეკემბერს, როცა მსოფლიო ზეიმობს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, გვსურს, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ ქართული მედიის მიმართ და შევახსენოთ ყველას კრიტიკული ჟურნალისტიკის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

ამ დღეს, აღნიშვნის ნაცვლად, გვიწევს ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის, - შეწყდეს დევნა და ძალადობა როგორც აქციის მონაწილეთა, ისე ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ.

ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მადლობას ვუხდით მედიის ყველა წარმომადგენელს, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის გვჯერა, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა სიტყვის თავისუფლებაზე გადის.

ამიტომ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს მოვუწოდებთ, დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, პატივი სცეს მედიას. სახელმწიფო ვალდებულია დასაჯოს მედიაზე თავდასხმის მონაწილეები და უზრუნველყოს უსაფრთხო მედიაგარემოMediaombudsman / მედიაომბუდსმენი აგრძელებს ჟურნალისტების და ოპერატორების მხარდაჭერასვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას!", - ნათქვამია მედიაომბუდსმენის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები