პროკურატურა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის რომეო მიქაუტაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ აპირებს.
როგორც პროკურორმა ირაკლი მარშანიამ ჟურნალისტებს უთხრა, მიქაუტაძის ბრალეულობა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, ასევე მოპოვებული ინფორმაციით და მოცემულ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების წინაპირობა არ არსებობს.
„ბრალდების მხარემ წინა პროცესზე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა, დღევანდელ პროცესზე წარმოდგენილი გვქონდა დისკები, რომლებშიც ასახულია სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. აღნიშნული დისკების გამოკვლევა უნდოდა ბრალდების მხარეს, თუმცა დაცვის მხარემ ეს მტკიცებულებები უდავოდ ცნო.
რომეო მიქაუტაძის ბრალეულობა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, ასევე მოპოვებული ინფორმაციებითა და რევიზიის აქტებით. დარჩა 40-ზე მეტი მოწმე გამოსაკითხი და კიდევ რამდენიმე მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა მოხდეს.
დაცვის მხარეს ყველა მტკიცებულება უდავოდ არ უცნია, გამოკითხულები არიან მოწმეები, რომლებიც პირდაპირ ამხელენ რომეო მიქაუტაძეს დანაშაულის ჩადენაში. საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს წინაპირობები, უნდა აღიაროს ბრალდებულმა დანაშაული, უნდა მოხდეს ზარალის ანაზღაურება და მომართოს პროკურატურას, მოცემულ შემთხვევაში არცერთი ეს წინაპირობა სახეზე არ არის“, - განაცხადა ირაკლი მარშანიამ, რომლის კომენტარსაც "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე პროკურატურა მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334
ლარი.



























