მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქაერონავიგაცია საგარეჯოში 7 მილიონ ლარად ახალ სარადარო სადგურს აშენებს

რადარი

საქაერონავიგაციამ გამოაცხადა 7.2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომლითაც საგარეჯოში, სოფელ ნინოწმინდაში ახალი სარადარო სადგურის მშენებლობა იგეგმება.

სარადარო სადგური ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე, საქაერონავიგაციის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსდება. პროექტი მოიცავს სარადარო სადგურის აღჭურვას, კონსტრუქციის მშენებლობასა და სადგურამდე დროებითი მისასვლელი გზის მოწყობას.

საქაერონავიგაცია საქართველოში სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერია, რომელიც როგორც შიდა, ასევე გადამფრენ რეისებს ემსახურება. საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვის ზრდასთან ერთად იზრდება კომპანიის წინაშე არსებული ტექნიკური საჭიროებებიც, რომელთა დაკმაყოფილებისთვის, კომპანია ახალ სარადარო სადგურს აშენებს.

2023 წელს საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა რეკორდულად 58%-ით გაიზარდა და ქვეყანაში სულ 232,491 გადაფრენა დაფიქსირდა, რაც დღეში საშუალოდ 637 გადაფრენას შეადგენდა. თითოეული ხომალდი, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობს ვალდებულია შესაბამისი მომსახურების საკომისიო გადაიხადოს. 2022 წელს ამ შემოსავალმა "საქაერონავიგაციისთვის" 159 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის 2023 წლის ანგარიში ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა, თუმცა ის ნაკადის 58%-იანი ზრდის გათვალისწინებით სავარაუდოდ 230-240 მილიონ ლარს აჭარბებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები