მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქაერონავიგაცია თბილისთან ძებნა-შველის ახალ ოფისს და შვეულმფრენების ანგარს მოაწყობს

ვერტმფრენი

თბილისის აეროპორტის მიმდებარედ, საქაერონავიგაციის კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენების ანგარი და ძებნა-შველის ოფისი მოეწყობა - ამას ითვალისწინებს 22.5-მილიონიანი ტენდერი, რომელიც საქაერონავიგაციამ გამოაქვეყნა. სატენდერო პირობების თანახმად, ადგილზე არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია და ახალი ობიექტების მშენებლობა უნდა განხორციელდეს.

“შპს „საქაერონავიგაციის“ კუთვნილ ტერიტორიაზე მდებარე ავტომეურნეობის შენობის მიშენება-დაშენებისა და შპს „საქაერონავიგაციის“ კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შენობების საბოლოო ფუნქციასთან დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაციაში დამატებითი დეტალები წარმოდგენილი არაა. შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია იქნება თუ არა აღნიშნული ტერიტორია განკუთვნილი იმ ახალი სამაშველო ვერტმფრენებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო Airbus-ისგან 26 მილიონ ევროდ ყიდულობს. აღნიშნულის თაობაზე BMG კითხვით “საქაერონავიგაციას” მიმართავს.
სატენდერო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობისთვის პრეტედენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 15 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოები.

ტენდერში განაცხადების მიღება 6 სექტემბერს იწყება და 11 სექტემბერს სრულდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები