"ფორსაითის" დირექტორის რატი მორჩილაძის განცხადებით, „საქაერონავიგაციის“ წარმატებულმა მაგალითმა შექმნა წინაპირობა, რომ დღესდღეობით კერძო საპენსიო სქემით დაინტერესებულ კომპანიებს პროცესის წარმართვა ბევრად მარტივად შეუძლიათ. მან ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კერძო საპენსიო სქემების პრაქტიკული მნიშვნელობის შესახებ თემატურ შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი დაეთმო „საქაერონავიგაციის“ გამოცდილების გაზიარებას, რომელიც კერძო საპენსიო სქემის დანერგვის პიონერია საქართველოში. სქემის აქტივების მმართველი კომპანიები არიან: TBC Asset Management, BOG Asset Management და Foresight Investment Group.
რატი მორჩილაძემ კერძო საპენსიო სქემების უპირატესობებსა და ამ მიმართულებით არსებულ პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.
"პოზიტიური და სასიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე საპენსიო სისტემა სამი სვეტისგან შედგება. პირველი არის ფიქსირებული სოციალური პენსია, მეორე - საპენსიო ფონდი, რომელმაც სხვათა შორის, 8 მილიარდ ლარს გადააჭარბა უკვე და ახლა უკვე მყარად შეგვიძლია ვისაუბროთ მესამე პილარზეც (კერძო საპენსიო ფონდები). ვერ ვიტყოდი, რომ ეს პირველი ფონდია, ადრეც იყო, ეროვნულ ბანკს ჰქონდა კერძო საპენსიო ფონდი და სადაზღვეოებს, თუმცა მე ვიტყოდი, რომ საქაერონავიგაციამ ეს გააკეთა ყველაზე სრულფასოვნად, თან ახალი კანონის ფარგლებში მოაქცია უკვე, რომელიც 2026 წლიდან შევიდა ძალაში და მე შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ ბოლო რამდენიმე თვეში, საქაერონავიგაციამ და ჩვენ, აქტივების სამმა მმართველმა, რომელიც დაგვიქირავა საქაერონავიგაციამ და ცენტრალურმა დეპოზიტარმა, შევძელით, რომ მოვაქციეთ აი ეს საპენსიო სქემა ახალი კანონის ქვეშ და პირველი ასეთი წარმატებული მაგალითი შედგა.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გამოვყოფდი ეროვნული ბანკის როლს, ასევე სადაზღვევო მარეგულირებლის, რომელიც უშუალოდ მთავარი მარეგულირებელია კერძო საპენსიო სქემების და რა თქმა უნდა, მთავრობის მხარდაჭერას, რომელმაც შექმნა ფუნქციური საკანონმდებლო ჩარჩო. აქვე მინდა დავბრუნდე 2015-16 წლებში, როდესაც საქაერონავიგაციის გუნდმა მართლაც შეუძლებელი შეძლო და ძალიან ბევრი გამოწვევების მიუხედავად, დააფუძნა ეს საპენსიო ფონდი. მაშინ ჯერ კიდევ ძველი საკანონმდებლო ჩარჩო იყო, რომელიც ფუნქციური საერთოდ არ იყო და რეალურად, ეს იყო ზუსტად გამოწვევა. თუმცა მინდა ხაზი გავუსვა საქაერონავიგაციის გუნდის ძალიან დიდ ენთუზიაზმს და მათ მონდომებას, რომ ეს თემა მიეტანათ ბოლომდე. მისი დირექტორი, ბატონი გოჩა მეზვრიშვილი, ასევე ბატონი ირაკლი ზაქარეიშვილი, ქალბატონი ნინო ჯიბუტი და სხვები. ეს არიან ის ადამიანები, რომლებმაც შეძლეს, რომ მაშინვე შეექმნათ ეს ფონდი და შედეგი მივიღეთ, რომ 2025 წლის ბოლოს 57 მილიონი ლარის მოცულობა ჰქონდა ამ ფონდს, რომელიც საქაერონავიგაციის თანამშრომლების, დაახლოებით 600 ადამიანის, საპენსიო დანაზოგია, იმის გარდა, რაც მათ სახელმწიფო საპენსიო ფონდში აქვთ იმ 8 მილიარდში ჩართული. ეს ძალიან თვალსაჩინო წარმატებული მაგალითია, რომელმაც ახლა უნდა მისცეს სხვებს მოტივაცია, რომ მიჰყვნენ ამ გზას და შეიქმნას საპენსიო სქემები, რომელსაც ძალიან ბევრი ბენეფიტი აქვს, როგორც ინდივიდის დონეზე, ისე კომპანიის და ქვეყნის დონეზე",- ამბობს "ფორსაითის" დირექტორი.
მისივე თქმით, ახლა გამოწვევას ამ მიმართულებით ცნობიერების გაზრდა და კომპანიების დაინტერესება წარმოადგენს.
"რამდენიმე წლის წინ ახალი საპენსიო სქემის გაკეთების სურვილი რომ გქონოდათ, ბევრ სირთულეს და გაურკვევლობას წააწყდებოდით. ახლა, საქაერონავიგაციის დამსახურებით, გზა გაკვალულია, გუნდი შეკრულია, აქტივების მმართველების სახით და თუ კომპანიებს მოუნდებათ საპენსიო სქემის გაკეთება, შეკრული მოდელია.
კანონით, საპენსიო სქემის დაფუძნება შეუძლია ან დამსაქმებელს ან დამსაქმებელთა გაერთიანებას. ჩვენ ახლა ვკრავთ ასე ვთქვათ კომპანიების ჯგუფს, რომელთან ერთადაც დაფუძნდება ეს დამსაქმებელთა გაერთიანება და უკვე ამ დამსაქმებელთა გაერთიანების ბაზაზე შეიქმნება საპენსიო სქემა, რომელსაც უკვე აქტივების მმართველებიც იქვე ვართ, რომ ვმართოთ და ეს სერვისი შემოგთავაზოთ. ანუ ისევ ვასტრუქტურირებთ ამ ყველაფერს, რომ ერთ კონკრეტულ ბიზნესს არ ჰქონდეს დამატებითი საფიქრალი.
ახლა ჩვენი გამოწვევა ზოგადად არის, რომ სხვა კომპანიები დავარწმუნოთ, გააკეთონ კერძო საპენსიო სქემები. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში ცნობიერება ამ მიმართულებით დაბალია და საჭიროა ეს მოტივაცია მივცეთ და გავზარდოთ, რომ სურვილი გაჩნდეს კომპანიებში ეს გააკეთონ",- აცხადებს რატი მორჩილაძე.




























