მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქალაქო სასამართლომ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს პატიმრობა შეუფარდა

4 ოქტომბერი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დღეს, 7 ოქტომბერს მიიღო. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

სახელმწიფო ბრალდების მხარე ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. როგორც პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა, არსებობს ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. პროკურორის თქმით, საქმეში წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ბრალდების მხარის მტკიცებით, ასახავს ბრალდებულთა ქმედებებს.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა. ადვოკატების თქმით, ბრალდებულები საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ და მათ მიმართ პატიმრობის გამოყენება უკიდურეს და დაუსაბუთებელ ზომას წარმოადგენს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას და ირაკლი ნადირაძეს წარდგენილი აქვთ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:

  • 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი — სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
  • 225-ე მუხლის პირველი ნაწილი — ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
  • 317-ე მუხლი — მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.

აღნიშნული ბრალდებები ჯამში 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები