პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ ბოსნია-ჰერცოგოვინას, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება უსამართლოა საქართველოსთან მიმართებით, ვინაიდან საქართველო აღნიშნულ სამ ქვეყანასთან შედარებით, მოწინავეა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო დაიჩაგრა, ვინაიდან ევროკავშირს გადაწყვეტილებები ქვეყნების „დამსახურების“ მიხედვით არ მიუღია.
„მისასალმებელია, რომ საქართველოს მიმართ კვლავ არის მხარდაჭერა. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ ვნახეთ გადაწყვეტილება, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინასთან გაიხსნას მოლაპარაკებები. ანუ დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილება არის მოლდოვისა და უკრაინის გარდა, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს უსამართლობას.
საქართველო, რომელიც სამივე ქვეყანასთან შედარებით აბსოლუტურად ყველა პარამეტრით ლიდერია, არის დაჩაგრული. ეს უსამართლობა ევროკავშირის მხრიდან არის ძალიან სამწუხარო და აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ გადაწყვეტილებები დამსახურებაზე არ არის დაფუძნებული. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი ამ წლის განმავლობაში, საბოლოო ჯამში, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ევროპის კავშირში მისაღებად მოლაპარაკებას იწყებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ ბრიუსელში მიიღეს, სადაც ორდღიანი სამიტი იმართება. ბოსნია-ჰერცოგოვინამ EU-ს წევრობის განაცხადი 2016 წელს გააკეთა, კანდიდატის სტატუსი კი 2022 წელს მიიღო. ხოლო უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბრის სამიტზე მიიღეს, მაშინ როცა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს.