ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებების საპასუხოდ, "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შანხაიში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროპულ ბიუროკრატიაში არსებული ვითარება „ტრაგიკულია“ და სწორედ ამაზე მეტყველებს ევროკომისრის პოზიცია.
„ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს. საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით, ეს ეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკის განვითარებასა და კორუფციის სიმცირეს,“ - აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, ქართველი ხალხის ნება უკვე მკაფიოდ არის გამოხატული და ყველა მხარემ უნდა შეეგუოს ამ არჩევანს.
„ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, კარგად შეისმინოს ქართველი ხალხის ნება და შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს, რომელიც გაკეთდა 2024 წლის ოქტომბერში და შემდეგ 2025 წლის ოქტომბერში,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ასახულია „სერიოზული შეშფოთება საქართველოში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო“.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველო ერთადერთია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის, რომელსაც რეგრესი და მნიშვნელოვანი რეგრესი აქვს ევროკავშირის წევრობის გზაზე.
„ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, თუ გარემოებები მკვეთრად არ შეიცვლება... ახლა მხოლოდ ფორმალურად არის კანდიდატი ქვეყანა“, - თქვა მან.




























