საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აშშ-ის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში, New York Travel & Adventure Show მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ქართული კერძო სექტორი იყო წარმოდგენილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 550-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა, ხოლო 23 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია ღონისძიებას.
"გამოფენას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დაესწრო და შეხვედრები გამართა საერთაშორისო PR და ავიაკომპანიების, ტურისტულ პლატფორმებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანი, საქართველოს ცნობადობის გაზრდა ამერიკის ტურისტულ ბაზარზე იყო.
New York Travel & Adventure Show-ს ფარგლებში საქართველოს სტენდთან დამთვალიერებლებსა და უცხოელ ტუროპერატორებს საშუალება ჰქონდათ გაეცნოთ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს, პროდუქტებსა და კურორტებს. სპეციალურად სტუმრებისთვის მოეწყო პრეზენტაციები და ვიდეორგოლების ჩვენება, რომელიც ასახავდა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს", - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესრელიზში.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამერიკელ საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები საქართველოში 2025 წელს 11%-ით გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს აშშ-დან საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 78 043-ს მიაღწია, რაც 2024 წლის 70 270 ვიზიტთან შედარებით 11.1%-იანი ზრდაა.



























