საქართველო BBC-ის ობიექტივში მოხვდა: “საქართველოს ოსმალეთის მიერ განადგურებული უძველესი ღვინის კულტურა” - ამ სათაურით ბრიტანული მედია საშუალება მაყურებელს სიუჟეტს სთავაზობს. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ უძველესი დროიდან მოყოლებული საქართველო მეღვინეობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი კერა იყო, თუმცა მე-16 საუკუნეში ქვეყანაში ოსმალები შეიჭრნენ და ადგილობრივი ღვინის კულტურა გაანადგურეს, დღეს კი მოსახლეობა უძველესი ვენახების აღდგენას ცდილობს.
სიუჟეტში საუბარია სამცხე-ჯავახეთზე, რომელიც შეფასებულია, როგორც “განსაკუთრებული ლანდშაფტის მქონე”, რადგან ის ადამიანისა და ბუნების ერთობლივი შრომის შედეგადაა გაშენებული. ამის ერთ-ერთ მაგალითად სიუჟეტში მოყვანილია ვარძიის მონასტრის კომპლექსი, რომელიც ერუშეთის მთიანეთის ვულკანურ ქანებშია მოქცეული.
“მე-12 საუკუნეში გავრცელებული პრაქტიკა იყო მეღვინეობისთვის ტერასების აშენება და ამის მტკიცებულება ვარძიის ტერასებია. ღვინის კულტურა საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა, ივანე ჯავახიშვილმა განამტკიცა აზრი, რომ საქართველოს მტრებმა კარგად იცოდნენ, რომ ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა მეღვინეობა იყო და სწორედ ამიტომ შემოსევების დროს პირველ რიგში ყოველთვის ვაზი ნადგურდებოდა”, - ამბობს BBC-ის სიუჟეტში გეოგრაფი თამარ ხარძიანი.
BBC-ის სიუჟეტში ხაზგასმულია, რომ საქართველოში ოსმალების შემოჭრამ მევენახეობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა, თუმცა ამას დადებითი მხარეც ჰქონდა: კერძოდ ის, რომ ოსმალებმა შექმნეს ე.წ. აღწერილობითი დოკუმენტები, სადაც იმ პერიოდში საქართველოში განვითარებული სოფლის მეურნეობის მიმართულებები დეტალურად აღწერეს. უფრო ზუსტად - არსებობს მონაცემები, თითოეულ სოფელში რამდენი ვენახი იყო გაშენებული, მოგვიანებით კი ამ ინფორმაციის შეგროვება მოხდა.
სიუჟეტში ნათქვამია ისიც, რომ ხიზაბავრას ღვინის ტერასები რეგიონში პირველი ადგილია, სადაც პირვანდელი აღდგენილი სახით დაირგო ვაზები. შედეგად, 2018 წელს ამ ვაზების პირველი მოსავალი დაიკრიფა - ოსმალების შემოსევიდან პირველად, 400 წლის განმავლობაში! BBC მაყურებელს უჩვენებს იმ ადგილებსაც, სადაც ადრე ყურძენი იწურებოდა.
“თანამედროვე ცხოვრებაში მსგავს ადგილას ვის მოუნდება ვენახის გაშენება?” - სიუჟეტის ბოლოს რიტორიკულ კითხვას სვამს BBC-ის ჟურნალისტი, რომელსაც სიუჟეტშივე ეცემა პასუხი: იმიტომ, რომ ასეთ რთულ კლიმატურ ადგილას, სადაც ვაზს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, სწორედ რომ განსხვავებული და სახასიათო არომატის ყურძენი მოდის.