მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო „ბორჯომის“ მეწილეა - რა კითხვებს უნდა უპასუხოს მთავრობამ?

62a9fdde62382
თელარა გელანტია
15.06.22 19:30
1311
მიმდინარე კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში „უსასყიდლოდ გადაეცა“ „ბორჯომის“ მმართველ კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 7.73% - შედეგად კომპანიაში სანქცირებული რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის აქციათა პაკეტი 57.72%-დან 49% მდე შემცირდა. ოფიციალური წყაროების თანახმად, სააქციო პაკეტთან ერთად, სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება დირექტორთა საბჭოში ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი იქნება და მას ექნება წარმმართველი როლი.

ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განმარტებით, გარიგება, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო შედის, ორი დოკუმენტისგან შედგება: „ეს არის კომპანია ERASMONY LIMITED-ის საკუთრებაში არსებული, „ბორჯომის“ მმართველი კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 1,104 (7.73%) ხმის უფლების მქონე აქციის საქართველოს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემის თაობაზე ხელშეკრულება, მეორე გარიგების მიხედვით კი რეგულირდება კონკრეტული ურთიერთობები პარტნიორთა შორის, პარტნიორთა შეთანხმებაში.

ეკონომიკის სამინისტროში BMG-ის უთხრეს, რომ გარიგება ბრიტანული სამართლით რეგულირდება და მხარეებმა შესაბამის დოკუმენტებს ხელი უკვე მოაწერეს. უწყების ინფორმაციითვე, პირველი დოკუმენტი, რომელიც საქართველოსთვის "ბორჯომის" აქციების 7.73%-ის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს, უახლოეს მომავალში ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე აიტვირთება და საჯარო გახდება, მეორე დოკუმენტი კი - კომერციული საიდუმლოებაა და შესაბამისად, არ გასაჯაროვდება.

BMG დაინტერესდა, რა არის ის მთავარი კითხვები, რაც აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით არსებობს და რაზეც პასუხებს საქართველოს მოქალაქეების იმსახურებენ - ამ კითხვით იურიდული კომპანია BLB-ის პარტნიორ რუსუდან მაისურაძეს მივმართეთ.

იურისტის აზრით, გარიგებასთან დაკავშირებით, ბევრი სამართლებრივი საკითხი არსებობს, რომელიც განმარტებას და/ან დაკონკრეტებას საჭიროებს და ანგარიშვალდებულების პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, გარიგების დეტალები საჯარო გახადოს. მისივე თქმით, მათ შორის, საზოგადოებისთვის, გარიგების შინაარსის შესაფასებლად, საჭიროა, გასაჯაროვდეს ევროპულ და ბრიტანულ მარეგულირებლებთან წარმოებული კომუნიკაციის შედეგიც.

"უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა ტექნიკურად რა ფორმით მოხდა გარიგების დადება და რომელი ქვეყნის სამართლით რეგულირდება ეს კონკრეტული გარიგება იმისთვის, რომ გარიგების ზუსტ შინაარსში გაერკვეს საზოგადოება. განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა, ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია, საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში, კერძო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ ჩამორთმევის უფლებას არ ითვალისწინებს.

ნაციონალიზაცია უნდა მოხდეს წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე (გამონაკლისი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული, საომარი მოქმედებების პერიოდში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტების უსასყიდლო ნაციონალიზაციის უფლებაა). შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, დააკონკრეტოს, რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა „უსასყიდლოდ“ საკუთრების უფლების მოპოვება და წარმოადგენს თუ არა უსასყიდლოდ გადაცემა საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანიის „კეთილი“ ნების შედეგს“, - აცხადებს რუსუდან მაისურაძე.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც იურისტს ამ გარიგებასთან დაკავშირებით აქვს, „ბორჯომის“ აქციონერთა სტრუქტურას, უფრო სწორად, ბენეფიციარ მესაკუთრეებს ეხება.

„ამ ჭრილში, გასათვალისწინებელია უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის საწინააღმდეგოდ, რუსი ოლიგარქების და სანქცირებული ჯგუფების მიმართ მოქმედი საერთაშორისო სანქციების შინაარსი. საერთაშორისო საფინანსო სანქციები მოიცავს ნებისმიერ კომპანიას, რომლის ბენეფიციარ მესაკუთრეს სანქცირებული იურიდული თუ ფიზიკური პირები წარმოადგენენ. მაგალითისთვის, საერთაშორისო საზოგადოების მიერ, რუსული კომპანიების და ბიზნეს პერსონების წინააღმდეგ დაწესებული მრავალი სანქციებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს აქტივების გაყინვა, რომლის მიზანსაც, სანქცირებული პირებისთვის ფულად სახსრებზე და/ან სხვა ეკონომიკურ აქტივებზე პირდაპირი თუ არაპირდაპირი წვდომის აკრძალვა წარმოადგენს - „It is also prohibited to make any funds or assets directly or indirectly available to them“ საერთაშორისო ფინანსური სანქციები მოიცავს აგრეთვე კომპანიებს, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე სანქცირებულთა სიაშია. IDS Borjomi International-ის აქციონერთა არსებული სტრუქტურა არ გამორიცხავს, ყველაზე მსხვილი აქციონერის - „ერასმონ ლიმითედ რიშა“-ს მიერ ეკონომიკური სარგებლის მიღებას, ხოლო ამ კომპანიის აქციების 60% მფლობელი და ბენეფიციარი მესაკუთრე სანქცირებული „ალფა ჯგუფი“ და მიხეილ ფრიდმანია“, - განმარტავს რუსუდან მაისურაძე.

რაც შეეხება ბორჯომის მართვაში განხორციელებულ ცვლილებებს და სახელმწიფოს მიერ მასზე კონტროლის მოპოვებას საერთაშორისო სანქციების ჭრილში, იურისტის შეფასებით, ამას არავითარი სამართლებრივი შედეგი არ შეიძლება ჰქონდეს, რამდენადაც, რუსული კერძო კომპანიებისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციები, უპირველეს ყოვლისა, ბენეფიციარი მესაკუთრეების წინააღმდეგაა მიმართული.

„შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ბერკეტები შეიმუშავა სახელმწიფომ იმისთვის, რომ „ბორჯომის“ მიერ წარმოების აღდგენამ პირდაპირ თუ არაპირდაპირ არ მოუტანოს ეკონომიკური სარგებელი სანქცირებულ ბენეფიციარ მესაკუთრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, საერთაშორისო საზოგადოებამ, რუსული კომპანიებისათვის სანქციების თავიდან არიდებაში დახმარების გაწევისთვის მიიღოს ზომები, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - აცხადებს რუსუდან მაისურაძე BMG-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები