ბულგარეთის ელჩი საქართველოში, ვესელინ ვალკანოვი აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი პარტნიორობა არსებობს, თუმცა ბულგარეთი ამ პარტნიორობის გაზრდას ისურვებდა - ამის შესახებ ელჩმა შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიურ კონფერენციაზე, BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
"უდავო ფაქტია, რომ საქართველო ბულგარეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ახლოს ვართ, ბევრი კუთხით ვართ დაკავშირებული, მაგრამ მეტი გვინდა. გვინდა მეტი საბორნე მიმოსვლა, მეტი კაბელები, რომლებიც ორ ქვეყანას დააკავშირებს, რადგან, რამდენადაც გვესმის, საქართველო მნიშვნელოვანი მოთამაშეა. შავი ზღვა და შუა დერეფანი მნიშვნელოვანია ბულგარეთისთვის. დაინტერესებულები ვართ ევროპისა და აზიის დაკავშირებით და ვერ ვხედავ, ამ პროცესში, საქართველოსთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას", - ამბობს ვესელინ ვალკანოვი.
კითხვაზე, რა გამოწვევები არსებობს საქართველოსა და ბულგარეთის კიდევ უფრო დაახლოების პროცესში, ვალკანოვი აღნიშნავს, რომ არის როგორც უფრო გლობალური გამოწვევები, ასევე პრობლემებიც ადგილობრივ დონეზე.
"გამოწვევა ბევრია. არსებობს დიდი და პატარა, მაგრამ ძალიან ჯიუტი გამოწვევები. დიდი გამოწვევები უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან არის დაკავშირებული. უკრაინაში ომი ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. თუმცა, არსებობს პატარა გამოწვევებიც, რომლებსაც ჯიუტს ვუწოდებ, რადგან ისინი არ ქრება. ისინი ადმინისტრაციულ საკითხებს, ბიუროკრატიას, გაციფრულებას უკავშირდება. ასე რომ, ეს ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს და უნდა გაკეთდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დერეფანი თავისი ეფექტურობის ნაწილს დაკარგავს", - განაცხადა ბულგარეთის ელჩმა.
საქსტატის თანახმად, ბულგარეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მე-8 ადგილზეა. ბულგარეთს ქვეყნის ექსპორტში 3.3%-იანი წილი უჭირავს, ექსპორტის მოცულობა კი, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში $194.36 მილიონს შეადგენდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 108%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
დღეს, 20 ნოემბერს, ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია იმართება.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და რეფორმებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ვაჭრობის გამარტივებას შავი ზღვის გავლით და რეგიონული ურთიერთკავშირების გაძლიერებას.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს ასოციაციების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების 150-მდე წარმომადგენელი საქართველოდან, ევროკავშირიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.



























