ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც 2025 წელს შანხაიში მეშვიდედ ჩატარდება, საქართველო განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. აღნიშნულის შესახებ შანხაიში, გამოფენის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობისას, "ოცნების" მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული სტატუსი საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩინოს ქართული მეწარმეობა, საინვესტიციო გარემო, ტურიზმი და კულტურული პოტენციალი.
„ჩინეთის მხარემ წელს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსი მოგვანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული მეწარმეობა, საინვესტიციო გარემო, ტურიზმი და ყველა ის მიმართულება, რასაც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს, კიდევ უფრო მეტად იქნება წარმოჩენილი,“ - აღნიშნა ნადარეიშვილმა.
გამოფენაში წელს 40-ზე მეტი ქართველი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. ნადარეიშვილის თქმით, ქართული კომპანიები წარმოადგენენ კულტურულ, კულინარიულ, ფოლკლორულ და სხვადასხვა თემატურ მიმართულებებს, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი საექსპორტო პოტენციალი.
საქართველო გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამი პავილიონით: ნაციონალური, მეწარმეობის, ასევე საკვებისა და სასმლის პავილიონით.
„გამოფენის მნიშვნელობა განსაკუთრებულია ქართველი მეწარმეებისთვის, ვინაიდან მათ ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია წარადგინონ მრავალმილიონიან ბაზარზე და დაამყარონ ახალი სავაჭრო ურთიერთობები,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ჩინეთში საქართველოს დელეგაცია "ოცნების" პრემიერის ხელმძღვანელობით გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები, მათ შორის ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, ასევე ხელი მოეწერება რამდენიმე ორმხრივ შეთანხმებას.
უწყების ცნობითვე, მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტის ფარგლებში ხელს მოაწერს ურთიერთგაგების მემორანდუმებს ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან, ვაჭრობის სამინისტროსთან და ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიასთან.
დელეგაციის შემადგენლობაში ირაკლი კობახიძესთან ერთად იმყოფებიან "ოცნების" მთავრობის წევრები: მარიამ ქვრივიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით სონღულაშვილი, ლაშა ხუციშვილი, რევაზ სოხაძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.




























