მსოფლიოში წამყვანი კრიპტობირჟა Binance-ის რეგიოლული მენეჯერი საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში ვლადიმირ სმერკისი საქართველოში კრიპტოვალუტებთან მიმდინარე პროცესებს და კრიპტოკომუნის მიერ ამ ტექნოლოგიის გამოყენების ტენდენციებს დადებითად აფასებს - იმდენად, რომ ქვეყანას ერთ-ერთი ყველაზე ნათელ წერტილად მიიჩნევს. ამის შესახებ მან BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილია. თბილისის ქუჩებში რომ დადიხარ გრჩება შთაბეჭდილება, რომ კრიპტომ ფეხი აქ დიდი ხნის წინ მოიკიდა, რადგან ქუჩაში კრიპტოვალუტების გასაცვლელი პუნქტები გხვდება. ამასთან, ჩემი აზრით, ქართველი მარეგულირებლები კრიპტოს რეგულაციას თანამედროვედ უდგებიან, რის გამოც გვჯერა, რომ საქართველო არის და კიდევ უფრო საინტერესო ბაზარი გახდება Binance-სა და სხვა კრიპტოკომპანიებისთვის“, - განაცხადა Binance-ის რეგიონულმა მენეჯერმა საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში.
შეგახსენებთ, რომ Binance Pay-ი ონლაინგადახდების უკონტაქტო, უსაზღვრო და დაცულ ტექნოლოგიას წარმოადგენს, რომელიც მომხმარებლებს ტრანზაქციების კრიპტოვალუტაში განხორციელების საშუალებას აძლევს.
ცნობისთვის: Binance-ის რეგიონული მენეჯერი საქართველოში კრიპტობირჟის მიერ ორგანიზებული პირველი ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში იმყოფებოდა. შეხვედრაზე, რომელიც 28 ივლისს გაიმართა, მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟის აღმასრულებელი მენეჯერები და კრიპტოტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ.